თსუ–მ წინა ტურში მანამდე წაუგებელი შსს დაამარცხა და დღეს აგრარული
უნივერსუიტეტის გუნდთან წესით არ უნდა გასჭირვებოდა. ასეც მოხდა – ნუგზარ
ჭეიშვილის გუნდმა სსაუ იოლად დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
მატჩის საწყისი 15 წუთი თანაბარი იყო. აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა
22:21 იმარჯვა სადებიუტო მეოთხედში და მეორე ათწუთეულის პირველ ნახევარშიც
განაგრძობდა წინააღმდეგობის გაწევას. ნუგზარ ჭეიშვილმა საქმის გამოსწორება კარგად
აპრობირებული პრესინგით გადაწყვიტა და გაუმართლა. პირველი ნახევრის დასრულებამდე 4
წუთით ადრე თსუ მხოლოდ 3 ქულას იგებდა, თუმცა ზონური პრესინგის დახმარებით არაერთი
ბურთი ჩაჭრა და შეტევაშიც იხეირა. შედეგად დიდ შესვენებამდე დარჩენილი დრო
სტუდენტებმა სოლიდური სხვაობით მოიგეს და ტაიმის ბოლოს 14 ქულით დაწინაურდნენ.
განახლდა თამაში და თსუ–ს უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა,. რის
შემდეგაც შეხვედრამ ინტერესი დაკარგა. თსუ–მ ზედმეტი გართულების გარეშე მიიყვანა
მატჩი გამარჯვებამდე, რაშიც ლომის წილი 24 ქულისა და 17 მოხსნის მომხვეჭ რიჩარდ
მათიაშვილს მიუძღვის. 17 ქულა მიხეილ ფანჩულიძის ანგარიშზე იყო.
მატჩის სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=315