დღეს დილას ტომაშ სატორანსკიმ ივარჯიშა და მისი ტრავმის ამბავიც შევიტყვეთ. ნაკრების მენეჯერმა, მიხაილ სობმა გვითხრა, სატორანსკი უნგრეთთან თამაშის წინა დღეს ხელი დაიზიანა და ნაკერები დაადესო. ჩეხი უკანახაზელი მოედანზე არ წაქცეულა, ის ქუჩაში, ან სავარაუდოდ სახლში დაეცა და როგორც ამბობს, ხელი შუშაზე გაიჭრა.
უფრო მნიშვნელოვანი საკითხი – ითამაშებს თუ არა ის დღევანდელ მატჩში – ჯერაც ღიადაა. სატორანსკიმ ხელშეხვეულმა, მანჟეტით ივარჯიშა და არავინ იცოდა (ან მალავდნენ) პასუხი, გავიდოდა თუ არა მოედანზე. „გუნდის ექიმი ჯერ არ მოსულა, იგი თამაშამდე 2 საათით ადრე ნახავს სატორანსკის, შეამოწმებს მის ნატკენ ხელს და თუკი დართავს ნებას, რომ ითამაშოს, იგი მოედანზე გავა“- გვითხრა ჩეხეთის ნაკრების მენეჯერმა მიხაელ სობმა. (ჩეხური ინტერნეტგამოცემები კი წერენ, რომ სატორანსკი ითამაშებს)
ჩეხებამდე ნიმბურკის დარბაზში საქართველოს ნაკრებმა ივარჯიშა. იგორ კოკოშკოვმა ბიჭები არ დატვირთა – მსუბუქად ავარჯიშა და ძირითადად ფარში ასროლინა. დღეს ივარჯიშა და განაცხადშიც იქნება ნიკა მეტრეველი, რომელსაც მუხლი აწუხებდა, თუმცა მომჯობინდა და სათამაშოდ მზადაა.
ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში წარმოებს და როგორც ამბობენ, მთლიანად გაიყიდება. მოედანი ოფიციალური მონაცემებით 1400 ადამიანს იტევს. პრაღიდან საქართველოს საქომაგოდ ქართველები მოდიან. იგორ კოკოშკოვის გუნდს 30-ამდე მხარდამჭერი ეყოლება.
შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებს.
P.S. ტომაშ სატორანსკის კომენტარი ჩეხურ ინტერნეტგამოცემაში:
“ხელი მოედნის მიღმა დამიზიანდა, შუშაზე გამეჭრა და ნაკერები დამჭირდა. ეს არის და ეს, მეტს ვერაფერს გეტყვით. ექიმებთან საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ უნგრეთთან შეხვედრაში მოედანზე გასვლა არ გამერისკა, ტრავმა მომეშუშებინა, რომ მომდევნო შეხვედრას სათანადოდ მომზადებული შევხვედროდი. საქართველოსთან ხომ მეტად საპასუხისმგებლო თამაში გველის”, – ამბობს სატორანსკი. როგორც ნიმბურკიდან შეგვატყობინეს, ტომაშმა მატჩის წინა დღეს ივარჯიშა და დიდია ალბათობა, ქართველების წინააღმდეგ მოედანზეც გამოვიდეს. ამას თავად კალათბურთელიც ადასტურებს: “უნგრეთთან რთული შეხვედრა გვქონდა. ძნელი იყო მოვლენებისთვის თვალის გვერდიდან მიდევნება, ამიტომ მეორე ტაიმში სკამზე არც დავმჯდარვარ. საბედნიეროდ, უნგრეთი დავამარცხეთ და ევრობასკეტს ძალიან მივუახლოვდით. იმ შეხვედრის გამოტოვებამ საშუალება მომცა, საქართველოსთან მატჩს მწყობრში შევხვდე”.