წარმატებული ქართული ლეგიონი: ელისმა მადრიდში 15 ქულა და გამარჯვება მოიხვეჭა

ოთხი ტურის ცდა მოუწიათ ვლადიმერ ბოისასა და ტაირონ ელისის გუნდებს, ესპანურ პრიმერადივიზიონში პირველი საამსეზონო გამარჯვება რომ დაეგემოვნებინათ. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა გუნდებმა ითმინეს, ითმინეს და გასულ ტურში ორივე მათგანმა ესპანეთის უძლიერეს კლუბთა მარაქის წევრები დაამარცხეს – ბოისას “მენორკამ” ვალენსიური “პამესას” ბარიერი დაძლია, ხოლო ელისის “კახასოლმა” სულაც მადრიდის “რეალი” სტუმრად განგმირა.
 

ბოისა ვალენსიელ ფლორიენ პიეტრუსს ეღობება
ვლადიმერ ბოისა ვალენსიელთა წინააღმდეგ მატჩში სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. ვოვამ 7 ცდიდან 2 ორქულიანი ჩააგდო, თუმც გაცილებით ზუსტი იყო სხვა პოზიციებიდან: 2–დან 1 სამიანი და 2–დან ორივე საჯარიმო მიითვალა. ბოისას საბოლოოდ 9 ქულა მოუგროვდა, რასაც 4 მოხსნაც მოაყოლა და “მენორკამ” “პამესა” 70:62 რომ დაამარცხა, მისი დამსახურებაცაა.
ელისს კი უდაძაბულეს მატჩში მოუწია თამაშმა. მანამდე ყველა მატჩის წამგებმა “კახასოლმა” ესპანურ გრანდს მადრიდში დიდი ბრძოლა გაუმართა და ძირითად დროში არ დანებდა. თამაშისთვის განკუთვნილი 40 წუთის შემდეგ გამარჯვებული ვერ გაირკვა, ძირითადი დრო 99:99 დასრულდა და ოვერტაიმი დაინიშნა.
დამატებით ხუთწუთეულში ტაირონ ელისისა და სევილიური გუნდის სხვა ლეგიონერთა დახმარებით “კახასოლმა” უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ 116:109 გაიმარჯვა.
 

ტაირონ ელისს ბურთს მადრიდელი სერხიო ლული ეცილება
 
ელისს ბევრი არ უთამაშია: 21 წუთი გაატარა მოედანზე, თუმც 15 ქულის შეგროვება მოახერხა, რასაც 2 მოხსნა, ამდენივე ჩაჭრა და 1 პასიც მოაყოლა. ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა მადრიდელთა კალათს თანაბარი შედეგიანიობით შეუტია როგორც საშუალო, ისე შორი დისტანციიდან: 4–დან 2 სროლა ჩააგდო, რასაც 8 ცდიდან 5 გამოყენებული საჯარიმოც მიაბა და მოედანი 15 ქულით გამარჯვებულმა დატოვა.
გამარჯვებით დაიწყო შიდაჩემპიონატი გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის “ტარტუ როკმაც”. ეს გუნდი აქამდე ევროთასსა და ბალტიის ლიგაზე თამაშობდა, გუშინ კი ესტონეთის ჩემპიონატშიც ჩაება და პირველ ტურში იოლი გამარჯვებაც მოიპოვა.
ტატრუელებმა სტუმრად “ვალგა” 87:58 დაამარცხეს და ამ მატჩის ბომბარდირი 18 ქულით ვიქტორ სანიკიძე გახდა. “როკში” ერთი თვის წინ გადასული სანიკიძე ნელ–ნელა უშინაურდება ტარტუულ გუნდს და მისი კარგი თამაში არავის გაუკვირდებოდა.
 

შეტევაზეა ვიქტორ სანიკიძე
 
სანიკიძემ 23 წუთი გაატარა მოედანზე და მთლიანობაში შესრულებული 12 სროლიდან 8 მეტოქის კალათში მოათავსა: 5–დან 4 ორიანი, 5–დან 3 სამიანი და 2–დან 1 საჯარიმო .
ცინცაძე ხუთეულში იყო და 19 წუთში 9 ქულა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ თამაშიდან ყველა ბურთი ჩააგდო: 4–დან 4.
მომდევნო მატჩს “როკი” უკვე ბალტიის ლიგაში გამართავს: ხვალ ლატვიურ “ბარონსს” უმასპინძლებს.