თორნიკე შენგელიას მორიგი წარმატებული მატჩი. ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქართველის „ლაბორალ კუჩამ“ ვიტორიაში ხორვატულ „ცედევიტას“ უმასპინძლა და 92:70 დაამარცხა. შენგელია გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 20 წუთში საკმაოდ მაღალი შედეგიანობა გამოავლინა. შენგელიამ ამჯერად შორი სროლებით გამოიჩინა თავი და 11 წუთი თამაშის შემდეგ 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. საბოლოო ჯამში თორნიკემ 5-დან 4 სამიანი, 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო მიითვალა. თორნიკეს ანგარიშზე 16 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება დაგროვდა. ქართველმა ლეგიონერმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 ჯარიმა მიიღო და მასზე 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა, რაც ვიტორიელთა გუნდში მე-3 შედეგია. საუკეთესო ფრანგი ფაბიენ კოსიე გახდა, რომელმაც 20 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ბერძენმა იანის ბურუსისმა პირად ანგარიშზე 17 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა. „ცედევიტაში“ ითამაშა გასულ ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნული ნაკრები წევრმა ჯეიკობ პულენმა, რომელმაც 7 ქულა და 3 პასი მიითვალა.
„ლაბორალ კუჩამ“ ჯგუფური ეტაპი 6 მოგებითა და 4 მარცხით, მე-3 ადგილზე დაასრულა და ახლა კენჭის მოლოდინშია. B ჯგუფიდან ვიტორიელთაგან ერთად გავიდნენ „ოლიმპიაკოსი“, ეფესი“ და „ცედევიტა“.