ცელიეს დარბაზის დაზვერვა და ბოსნიასთან ბოლო წუთზე წაგებული მატჩი

ცელიეს დარბაზის დაზვერვა და ბოსნიასთან ბოლო წუთზე წაგებული მატჩი

საქარველოს ნაკრებმა სლოვენიაში იმ არენაზე ითამაშა, სადაც 4 სექტემბრიდან ევროპის ჩემპიონატის მატჩებს გამართავს. ქალაქ ცელიეს „ტრიგლავ არენაზე“ საქართველოს ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 63:68 წააგო.
საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ამერიკელ რიკი ჰიკმანს, რომელმაც ოციოდ წუთში 10 ქულა დააგროვა. მატჩი მოსამზადებელ ხასიათს ატარებდა და ორივე გუნდმა ის კომბინაციების დასამუშავებლად გამოიყენა. საქართველოს ნაკრებისთვის ამ შეხვედრას ის დამატებითი დატვირთვა ჰქონდა, რომ არენას გაეჩვია –  ფიცარნაგი მოთელა და ფარების სიმკვრივე მოსინჯა.
პირველი და მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა ერთნაირი ანგარიშით – 15:19 წააგო, თუმცა ეს 8-ქულიანი ჩამორჩენა მესამე მეოთხედში ერთიანად ამოიღო. პერიოდის 19:10 მოგების შემდეგ გადამწყვეტი მეოთხედის წინ 49:48 დაწინაურდა.
1-ქულიანი იყო სხვაობა მატჩის ბოლო წუთზეც, თუმცა ბოსნიელთა სასარგებლოდ. ქართველებმა გადამწყვეტ მომენტში ვერ იყოჩაღეს და საბოლოოდ ბოსნიელთა სნაიპერის, მირზა ტელეტოვიჩის შორეულმა სამქულიანმა ქართველები წასაგებად გაწირა – 68:63.

მატჩის შემდეგ ცელიეში შევეხმიანეთ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტ დავით უსტიაშვილს…
– მატჩის ბოლო წუთები დაძაბული გამოდგა. მართალია, შეხვედრა მოსამზადებელ ხასიათს ატარებდა და ორივე გუნდმა ის სწორედ ამ კუთხით გამოვიყენეთ, ბოლო მომენტში რაკი ანგარიში თანაბარი იყო, გამარჯვება ორივეს გვსურდა. მატჩის ბოლო წუთი რომ დაიწყო, ქულით ვაგებდით. ბურთი ბოსნიელების იყო, რომლებმაც შეტევა გააცუდეს და სამწუხაროდ, მათი აცილებული ვერ მოვხსენით. ბურთი ისევ ბოსნიელებს დარჩათ, რომლებმაც იგი პერიმეტრზე აიტანეს. თამაშის დასრულებამდე 40 წამი რჩებოდა, ბოსნიელებს შეტევისთვის მთელი 20 წამი ჰქონდათ, მაგრამ სამქულიანი ნიშნულიდან საკმაოდ შორს მყოფმა მირზა ტელეტოვიჩმა, დაახლოებით 9 მეტრიდან სამქულიანი ესროლა და ჩააგდო. არ ვიცი, რატო გააკეთა ეს, ყველანაირად გაუმართლებელი სროლა იყო, თუმცა ჩააგდო და ვერავინ გაამტყუნებს. ამ მოულოდნელად ჩაგდებული ბურთის შემდეგ 4 ქულით ჩამოვრჩით, შეტევა გავაცუდეთ და მატჩის ბედიც გადაწყდა.
– რიკი ჰიკმანის დებიუტზე რას იტყვით?
– ჰიკმანმა დაახლოებით 20 წუთი ითამაშა და 10 ქულა მოაგროვა. ის გუნდთან კარგად არის შეწყობილი და მომავალში მისგან ბევრს ველით. პირველ მეოთხედში მანუჩარ მარკოიშვილმა ფეხი იტკინა. მეორე ტაიმის საწყისი წუთები ითამაშა და ფეხმა რომ არ გაუარა, მოედნიდან გავიყვანეთ. ამხანაგური მატჩის გულისთვის ვერ გავრისკავდით მარკოიშვილის მოედანზე დატოვებას და ის დავასვენეთ. დღეს ექიმები კარგად შეამოწმებენ და ამის შემდეგ გადაწყდება, ითამაშებს თუ არა ხვალ ბოსნიასთან მეორე მატჩს.
– გუნდის დანარჩენ წევრებზე რას იტყვით?
– გიორგი ცინცაძემ 17 ქულა დააგროვა. ის საკმაოდ შედეგიანი იყო და გამორჩეულად ითამაშა.
– განაცხადში მხოლოდ 12 მოთამაშე იყო…
– დუდა სანაძეს და გიორგი შარაბიძეს დღეს არ უთამაშიათ. ისინი ხვალ განაცხადში იქნებიან.
 
ამხანაგური მატჩი. სლოვენია. ცელიე. ტრიგლავ არენა. 13 აგვისტო
საქართველო 63:68 ბოსნია
15:19: 15:19, 19:10, 14:20
საქართველო: ცინცაძე (17), ჰიკმანი (10), მარკოიშვილი (9), სანიკიძე (8), შერმადინი (7), ცქიტიშვილი (5), ფაცაცია (5), ბურჯანაძე (2), ბოისა, ლეჟავა, ფხაკაძე, მეტრეველი
ბოსნია: ტელეტოვიჩი (15), სტეფანოვი (10), რაიტი (9), ჯედოვიჩი (9), პაშალიჩი (3), შუტალო (7), ბავჩიჩი (6), გორდიჩი (4), კიკანოვიჩი (5), პერშიჩი, ჰალილოვიჩი
 

მირზა ტელეტოვიჩმა შეხვედრის ბედი შორეული სამქულიანით გადაწყვიტა