ბალტიის ლიგაში ესტონური “ტარტუ როკისთვის” 29 ნოემბრამდე შესვენებაა და ქართველების გუნდი შიდაჩემპიონატზე გადაერთო. ესტონეთის ჩემპიონატში გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის “როკის” უმთავრესი კონკურენტი ტალინური “კალევია” და სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ მორიგ ტურში ერთმანეთს.
ტარტუელებს მიმდინარე ჩემპიონატში წაგების სიმწარე ჯერ არ განუცდიათ და ტალინში გამართული მატჩის შემდეგ “როკი” კვლავაც უდანაკარგოა. ქართველების დახმარებით “როკერებმა” დაძაბული შეხვედრა 76:70 მოუგეს “კალევს” და რა გასაკვირია, რომ ესტონეთის ჩემპიონატში ლიდერები არიან.
ცინცაძემ 30 წუთი ითამაშა და 10 ქულასთან ერთად 6 პასი და 3 მოხსნა მიითვალა. ფარქვეშა თამაშში უფრო შედეგიანი იყო უფრო ტანმაღალი ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც მოხსნა დააგროვა და რაც მთავარია, მიზანში ზუსტად ისროდა. თუკი ცინცაძემ თამაშიდან განხორციელებული 6 სროლიდან მიზანში 4 გაარტყა, სანიკიძემ ოთხივე ტყორცნა ჩააგდო და მოედანი 20–წუთიანი თამაშის შემდეგ 8 ქულით დატოვა.