ცინცაძემ და ცქიტიშვილმა ბერძნულ ქულებს გემო გაუგეს

საბერძნეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე ტურში ბერძნული “პანიონიოსის”
შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ნიკა ცქიტიშვილს. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, თავისი ახალი კლუბის ფორმა აეკ-თან საშინაო შეხვედრაში მოირგო და პირველი მატჩი 10 ქულით აღნიშნა.
საბერძნეთის ჩემპიონატში ნიკოლოზ ცქიტიშვილის დებიუტი შედგა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა სავიზო პრობლემები მოაგვარა, საბერძნეთში ჩავიდა და თავის გუნდ „პანიონიოსს“ შეუერთდა. ეს გუნდი წუხელ საბერძნეთის ჩემპიონატის მეორე ტურში აეკ–ს შეხვდა და გამანადგურებელი ანგარიშით – 91:46 სძლია.
ცქიტიშვილი ამ შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა და მოედანზე მთლიანობაში 13 წუთი გაატარა, რომლის განმავლობაშიც 10 ქულა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ შედეგიანობის მხრივ, “სკიტა” თანაგუნდელებში მხოლოდ ჰარიტოპულოსსა და ელდერს ჩამორჩა (მათ 13-13 ქულა მოაგროვეს).
საბერძნეთისვე ჩემპიონატში მეორე გამარჯვება მოიპოვა გიორგი ცინცაძის “ტრიკალამ”. ამჯერად, მისმა გუნდმა “კოლოსოსი” დაამარცხა – 87:75. ცინცაძემ თითო ორქულიანი, სამქულიანი და საჯარიმო ჩააგდო და ჯამში 6 ქულა მოუგროვდა, რასაც 2-2 ჩაჭრა-პასი და ერთი მოხსნაც დაუმატა.
ამ გამარჯვებით ცინცაძის გუნდი საბერძნეთში ერთპიროვნულად გალიდერდა. სავარაუდოდ, დღეს მას ორი გრანდი გაუტოლდება – “ოლიმპიაკოსი” და გიორგი შერმადინის “პანათინაიკოსი”, რომელიც საკუთარ მოედანზე “პანელინიოსს” უმასპინძლებს.
 

ბურთითაა გიორგი ცინცაძე