გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის “ტარტუ როკმა” ბალტიის ლიგის მეოთხე შეხვედრაში ლატვიის ჩემპიონი “ბარონსი” დაამარცხა და ამაში ქართველი გამთამაშებლის წვლილი საკმაოდ დიდია. ცინცაძემ ტრადიციულად ხუთეულში დაიწყო თამაში და მოედანზე გატარებულ 34 წუთში 20 ქულას, 4 მოხსნას, 3 პასს და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. გიორგი და 26 ქულის მომხვეჭი ტანოკა ბერდი “როკერთა” გამარჯვების ძირითადი შემოქმედნი გახდნენ.
გიორგი ცინცაძემ “ბარონსს” 20 ქულა ჩაუგდო
“ბარონსი” ის გუნდია, გასულ ევროთასზე “როკი” ნახევარფინალში რომ დაამარცხა. ტარტუელებს ლატვიელებზე რევანშის შანსი წუხელ მიეცათ და ქართველებით გაძლიერებულმა გუნდმაც თავი არ შეირცხვინა, “ბარონსი” 90:81 დაამარცხა და 4 თამაშიდან 2 გამარჯვებით 10–გუნდიან ბლტიის ლიგაში მე–6 ადგილზეა.
რაც შეეხება “როკის” მეორე ქართველს, ვიქტორ სანიკიძემ ყველაზე უბარაქო მატჩი ჩაატარა, რაც ესტონურ გუნდში გადავიდა. “ვიკა” 17 წუთი ათამაშა მწვრთნელმა და მას საბოლოოდ 3 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დაუგროვდა. უნდა ითქვას, რომ სანიკიძეს არც ორქულიანი უსვრია და არც საჯარიმო – 3 სამიანიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა.
მომდევნო მატჩს “როკი” ბალტიური ლიგის დაუმარცხებელ ლიდერ “ასკ რიგასთან” შინ გამართავს.