უკრაინული “დონეცკის” ქართველი უკანახაზელი, გიორგი ცინცაძე რუსული “უნიკსის” წინააღმდეგ “ვითიბი” ლიგის მატჩში თავის გუნდში საუკეთესო იყო. ქართველი ლეგიონერის კარგი თამაშის მიუხედავად, დონეცკელები დამარცხდნენ – 69:85.
ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე 30:04 წუთი გაატარა. ცინცაძის მონაგარი 11 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა გახლდათ. გიორგიმ 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ერთხელ დაირღვა. ქართველმა კალათბურთელმა თავის გუნდში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი – 18 დაუგროვდა.
5 მოგების მქონე დონეცკელთათვის ეს მე-4 მარცხი აღმოჩნდა და ამ შედეგით ისინი A ჯგუფში მე-5 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს ცინცაძის გუნდი სანკტ-პეტერბურგში, ადგილობრივ “სპარტაკთან”, 5 იანვარს გამართავს.