გიორგი ცინცაძის შედეგიანი თამაშის მიუხედავად, კიევის „ბუდიველნიკმა“ უკრაინის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეორე მატჩი მარიუპოლის „აზოვმაშთან“ 73:77 წააგო და მოედნის უპირატესობა დაკარგა.
პირველ და განსაკუთრებით, მეორე მეოთხედში მარიუპოლელებმა ისეთი საიმედო უპირატესობა მოიპოვეს, რომ საბოლოოდ გამარჯვებამდე მისვლა აღარ გაუჭირდათ. „ბუდიველნიკმა“ მეორე მეოთხედი 8:21 წააგო და დიდი შესვენებისთვის მარიუპოლელებს 18 ქულით ჩამორჩებოდა. მატჩის მეორე ნახევარში მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვეღარ მოახერხეს.
ქართველი გამთამაშებელი კიეველთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ცინცაძე ბომბარდირ მალკოლმ დილეინს (17 ქულა) 1 ქულით ჩამორჩა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 8-დან 5 ორქულიანი და 6-დან 2 სამიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა. 16 ქულასთან ერთად ცინცაძემ 6 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.
4 გამარჯვებამდე მიმდინარე ფინალური სერიის მესამე და მეოთხე მატჩები 20 და 22 მაისს, მარიუპოლში გაიმართება.