უკრაინის რეგულარული ჩემპიონატი გიორგი ცინცაძის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. კიევის „ბუდიველნიკი“ რომ პირველ ადგილს დაიკავებდა, ეს წინდაწინ იყო ცნობილი, რამეთუ დედაქალაქელებს ქულათა გვარიანი მარაგი ჰქონდათ. ბოლო ტურში კიეველებმა დონეცკში 69:80 წააგეს, რაც, ცხადია, სატურნირო შედეგზე არ აისახა.
რეგულარულ ჩემპიონატში მონაწილე 14-მა გუნდმა 3 წრედ ითამაშა. ანუ თითოეულმა 39 მატჩი გამართა, საიდანაც ცინცაძის გუნდმა 28 მოიგო და მეორეზე გასულ „ფეროს“ 3 ქულით აჯობა. რაც შეეხება ტურის ბოლო შეხვედრას, კიეველებმა იგი 11 ქულით დათმეს. ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 27, 53 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 7-დან 1 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდი, 1 სამიანი კი ააცილა.
დონეცკელებს მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში თბილისის „არმიაში“ მყოფმა კერტის მილიჯმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა, 4 პასი და 3 მოხსნა მიითალა. რაც შეეხება კიეველთა ბომბარდირს, 17 ქულით საუკეთესო მიხაილო ანისიმოვი გახდა.
პლეი ოფში 8 საუკეთესო გუნდი გავიდა. „ბუდიველნიკს“ პლეი ოფის ნებისმიერ სტადიაზე მეტოქეებთან მოედნის უპირატესობა ექნებათ. პირველ წრეში, ანუ მეოთხედფინალში, კიეველები მერვეზე გასულ „გოვერლას“ შეხვდებიან. სერია 4 გამარჯვებამდეა. მატჩები 7, 9, 12, 14 და თუ საჭირო გახდა, 17, 19 და 21 მარტს გაიმართება.