უკრაინის ჩემპიონატში გიორგი ცინცაძის გუნდი დომინირებს. დედაქალაქურმა „ბუდიველნიკმა“ დონეცკში მორიგი მატჩი მოიგო, რის შემდეგაც სუპერლიგის პირველი ადგილი გაიმყარა. მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, შეხვედრა კი საბოლოოდ კიეველთა სასარგებლოდ, ანგარიშით 68:56 დასრულდა.
ქართველმა უკანახაზელმა სეზონის ერთ-ერთი სუსტი შეხვედრა ჩაატარა. ცინცაძემ თამაშიდან განხორციელებული 11 სროლიდან ოდენ 1 ჩააგდო. მან სამივე სამქულიანი ააცილა, 8 ორიანიდან კი მხოლოდ 1 ჩააგდო. 5 საჯარიმოდან ცინცაძემ 4 ჩააგდო და მთლიანობაში 6 ქულა დააგროვა, რასაც 6 მოხსნა და 2-2 ჩაჭრა-პასი მოაყოლა. კიეველთაგან ტრადიციულად საუკეთესო ამერიკელი ლეო ლაიანსი გახდა, რომელმაც 15 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.
„ბუდიველნიკს“ 23 მატჩიდან 18 მოგება აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. მეორეზე მყოფ „აზოვმაშს“ 21 შეხვედრიდან 16 მოგება გააჩნია. მომდევნო მატჩს ცინცაძის გუნდი 30 დეკემბერს, მარიუპოლში სწორედ „აზოვმაშთან“ გამართავს.