ცინცაძის რევანში ჯეიკობ პულენის გუნდზე

ცინცაძის რევანში ჯეიკობ პულენის გუნდზე

გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკმა“ ჯეიკობ პულენის „ჰაპოელს“ რევანში აუღო. ევროთასის ჯგუფური ეტაპის გაულ ტურში დამარცხების შემდეგ კიეველებმა ებრაულ კლუბს უკრაინის დედაქალაქში უმასპინძლეს და ანგარიშით 84:77 დაამარცხეს. მატჩის მიწურულს კიეველები 76:77 აგებდნენ, თუმცა დარჩენილი ორწუთეული მაღალ დონეზე ჩაითამაშეს და საბოლოოდ გამარჯვებასაც დაეპატრონნენ. ბოლო ეპიზოდი კიეველებმა 8:0 მოიგეს,საიდანაც 5 ქულა გიორგი ცინცაძის ანგარიშზე იყო.
 

 
ცინცაძემ აღნიშნული ხუთივე ქულა საჯარიმოს ხაზიდან მიითვალა, სულ კი მოედანზე გატარებული 29:03 წუთის განმავლობაში 12 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 5 პასი მოაგროვა. როგორც აღვნიშნეთ, გიორგიმ ხუთივე საჯარიმო ზუსტად სტყორცნა, 4-დან 2 სამქულიანი და 5-დან 1 სამქულიანიც ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ექვსჯერ დაჯარიმდნენ.
ცინცაძის შედეგიანობის კოეფიციენტმა 17-ს უწია და ეს კიეველთა რიგებში მე-4 მაჩვენებელი გახლდათ. ქართველ უკანახაზელზე შედეგიანები მალკოლმ დელეინი (22 ქულა), ლეო ლაიონსი (20 ქულა, 8 მოხსნა) და არტურ დროზდოვი (18 ქულა, 12 მოხსნა) იყვნენ.
ბრწყინვალედ ითამაშა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა ჯეიკობ პულენმაც, რომელიც იერუსალიმელთა ღირსებას იცავს. იგი ასევე სასტარტო ხუთეულში იყო და 33:47 წუთში 22 ქულა, 1 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი მოაგროვა.
 პულენმა 14-დან 8 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო გამოიყენა, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ორჯერ დაჯარიმდა, მასზე თამაშის წესები კი 7-ჯერ დაირღვა. ჯეიკობის სარგებლიანობის კოეფიციენტი 21 გახლდათ, რაც “ჰაპოელის” რიგებში საუკეთესო იყო.
 “ბუდიველნიკმა” A ჯგუფში მე-2 გამარჯვება იზეიმა და საუკეთესო ორეულში გასვლის შანსი გაზარდა, ხოლო ებრაულ კლუბს ერთადერთი მოგება შერჩა და ბოლო ადგილზე იმყოფება.