ცქიტიშვილმა ესპანურ პრიმერადივიზიონში 21–ქულიანი დებიუტი მოიწყო

ესეც ჩვენი ნიკა ცქიტიშვილი და მისი სუპერდებიუტი ევროპის ერთ–ერთ უძლიერეს ლიგაში! თანაც ესპანური პრიმერადივიზიონის ვიღაც რიგით წევრთან კი არა, არამედ თვით “ბარსელონასთან”, ევროპის უმაღლესი დონის ვარსკვლავებით გადავსებულ და მარად პირველობისთვის მებრძოლ გუნდთან.
 

 ნიკა ცქიტიშვილმა ბურთისთვის ბრძოლაში
ბარსელონელ ჯანლუკა ბაზილეს თავში მოარტყა
 
ცქიტიშვილმა ორიოდ კვირის წინ გააფორმა “ფუენლაბრადასთან” კონტრაქტი, მაგრამ სავიზო პრობლემების გამო ესპანეთში ჩასვლა დაუგვიანდა და ახალ გუნდს მხოლოდ 3 დღის წინ შეუერთდა. შეუერთდა და პირველსავე მატჩში, დღეს, პრიმერადივიზიონის ლიდერ “ბარსელობასთან” მოუწია თამაშმა. ქართველმა ფორვარდმა 25 წუთი გაატარა მოედანზე და საშუალო “ფუენლაბრადა” ბოლო მეოთხედამდე რომ ამარცხებდა მრისხანე მეტოქეს, ამაში მისი წვლილი უდიდესია. “ცქიტა” იყო კატალონიელთა ყველაზე დიდი თავსატკივარი, რადგან უზუსტესად ესროდა შორი მანძილიდან. ნიკამ 7 ცდიდან 6 სამქულიანი ჩაუგდო “ბარსას”, რასაც 2–დან 1 ორიანი და ზუსტად ამ შედეგიანობით შესრულებული საჯარიმოები მოაყოლა და თავისიანთაგან საუკეთესო გახდა. მართალია, ქართველზე ერთით მეტი, 22 ქულა დააგროვა ფუენლაბრადელმა ბრედ ოლესონმა, მაგრამ საერთო სტატისტიკური კოეფიციენტი ცქიტიშვილზე მაღალი არავის ჰქონია.
21 ქულასთან ერთად ნიკამ 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა გაახერხა, რაც სადებიუტო მატჩისთვის საკმარისზე მეტია და იმედია, ცქიტიშვილი აღებულ ტემპს შეინარჩუნებს. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ნიკას გუნდმა ეს მატჩი 81:88 წააგო და ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე ჩაინაცვლა.
 

 ვლადიმერ ბოისა
 
ამავე ტურში ითამაშა ვლადიმერ ბოისამაც, რომლის “მენორკაც” სტუმრად, კანარის კუნძულებზე 72:76 დამარცხდა იქაურ “გრან კანარიასთან”. საკმაოდ ყოჩაღად გამოიყურებოდა საქართველოს ნაკრების ფორვარდი – ბოისამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 24 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ვოვამ ორივე ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და არცერთხელ არ დაჯარიმებულა.
 
რაც შეეხება ესპანეთში მოთამაშე კიდევ ერთ ჩვენი ნაკრების წევრ ტაირონ ელისს, მისი “კახასოლი” ამ ტურში ისვენებდა, რაკი, პრიმერადივიზიონში გუნდების კენტი რაოდენობა თამაშობს.
 
სხვათა შორის, მომავალ ტურში “ქართული დერბი” შედგება – ცქიტიშვილის “ფუენლაბრადა” ბოისას “მენორკას” უმასპინძლებს