გუშინ გაიმართა რამდენიმე მატჩი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებში, რომლებშიც საქართველოს ნაკრების წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა. ყველაზე მთავარით დავიწყოთ: ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ესპანურ პრიმერადივიზიონში მადრიდის „რეალს“ 15 ქულა ჩაუგდო, მისი „ფუენლაბრადა“ კი მადრიდში „სამეფო კლუბთან“ 74:90 დამარცხდა.
ქართველმა ფორვარდმა 15 ქულის შეგროვებას 19 წუთი მოანდომა – ნიკა სასტარტო იყო და მოედანზე სწორედ ამდენი ხანი გაატარა.
ცქიტიშვილმა მადრიდელებს მოხდენილად ჩაუტენა
ცქიტიშვილმა 7 ორქულიანიდან 4 ჩააგდო, 4–დან ოთხივე მოათავსა მადრიდელთა კალათში, ხოლო 3 სამქულიანიდან 1 გაარტყა მიზანში. „სკიტას“ ანგარიშზე ასევე დაგროვდა 4 მოხსნა,საიდანაც 2 საკუთარ ფარზე მოიხვეჭა,ორიც – მეტოქისაზე.
რაც შეეხება თავად მატჩს, ის მთლიანად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ევროპის ყველაზე ტიტულიანი კლუბის იოლი გამარჯვებით დასრულდა.
უკრაინის ჩემპიონატში მეორე მატჩი წააგო მანუჩარ მარკოიშვილის „ბკ კიევმა“. დედაქალაქელებმა თავის უშუალო კონკურენტ „აზოვმაშთან“ დრამატულ შეხვედრაში 75:77 დათმეს შეხვედრა, ვისთანაც გასული სეზონის ფინალური სერია 1:3 წააგეს. მარკოიშვილმა 17 წუთში 4 ქულისა და ამდენივე მოხსნის მოგროვება მოახერხა – მან 5 ორქულიანიდან 2–ის მითვლა მოახერხა, ხოლო ერთადერთი სამიანი კი აუცდა.
ამ მარცხის მიუხედავად, „ბკ კიევმა“ შეინარჩუნა სუპერლიგის ლიდერობა, მდევარო „აზოვმაში“ კი მას ქულით მიუახლოვდა.
მანუჩარ მარკოიშვილი
ბოლოს კი ესტონეთის „ტარტუ როკში“ მოთამაშე გიორგი ცინცაძესა და ვიქტორ სანიკიძეზეც“ ვთქვათ, რომელთა გუნდმაც შიდაჩემპიონატში უმთავრესი მეტოქე ტალინის „კალევი“ სტუმრად გაანადგურეს – 103:80.
ცინცაძემ 25 წუთი ითამაშა და თავი 9 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. რაც შეეხება ქულებს, ქართველი უკანახაზელი ჩვეულად გამორჩეული არ ყოფილა: მან თითო ორიანი და სამიანი ჩააგდო და 5 ქულას დასჯერდა, რასაც 2 მოხსნაც მოაყოლა. აი, ვიქტორ სანიკიძემ კი 13 ქულა მოაგროვა და შედეგიანობაში მხოლოდ თანაგუნდელ, 16 ქულის მიმთვლელ ასკო პაადეს ჩამორჩა. სანიკიძე აქტიური იყო ფარქვეშა ბრძოლებშიც და საბოლოოდ 6 მოხსნა მოაგროვა.
ტარტუელები 6–დან 6 გამარჯვებით ესტონეთის ჩემპიონატის ლიდერები არიან.