U20 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მე-20 ადგილზე დაასრულა

U20 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მე-20 ადგილზე დაასრულა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა. სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა 21 მონაწილეს შორის მე-20 ადგილი დაიკავა. ამ შედეგის მიზეზი ტრავმებია, რის გამოც კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 3 წამყვანი მოთამაშე დაკარგა. არადა, როცა ყველა ჯანმრთელად იყო, საქართველოს ნაკრებმა, მეორე ტურში ის შვეიცარია დაამარცხა, რომელიც შემდეგ ნახევარფინალში გავიდა. 

საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო გამოაკლდა 2 მთავარი ლიდერი – ავთანდილ ბახტაძე და თენგო გოგიშვილი, რომლებიც ჯერ კიდევ ჯგუფური ეტაპის დროს სამშობლოში დაბრუნდნენ. რამდენიმე მატჩი გამოტოვა ალექსანდრე დაუშვილმა, რომელიც მოედანს საკვალიფიკაციო ეტაპზე, ალბანეთთან მატჩში დაუბრუნდა.

ალბანელების დამარცხების შემდეგ საქართველომ ტურნირის ბოლო შეხვედრა ესტონეთთან, მე-19 ადგილისთვის გამართა, რომელიც 85:105 (სტატისტიკა) დათმო. ჩვენს ნაკრებში თავი გამოიჩინა საბა ნარიმანიძემ, რომელიც ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო, თუმცა სხვებმა მხარი ვერ აუბეს. ნარიმანიძემ შეხვედრა 32 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა.