ვესელინ მატიჩმა ქართველი მწვრთნელები დიღომში შეკრიბა

კვირას, 13 დეკემბერს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მთელი დღის განმავლობაში საქმიანი ატმოსფერო იყო. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოწვევით ფიბა–ევროპის მიერ მოვლენილი სერბი სპეციალისტი, ამჟამად ირანის ეროვნული ნაკრების თავკაცი, ვესელინ მატიჩი ქართველ მწვრთნელებს სემინარებს უტარებდა, რაშიც საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრები დაიხმარა.
 
მატიჩი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს შაბათს კალათბურთის ფედერაციაში შეხვდა, ხოლო კვირას ნებისმიერ მწვრთნელს შეეძლო დიღმის ბაზაზე მისვლა და მატიჩის სემინარების მოსმენა და რაღა თქმა უნდა, ყურება. მსურველიც ბევრი აღმოჩნდა – „დინამოს“ ბაზაზე თითქმის ყველა ის მწვრთნელი მოვიდა, რომლებიც დღესდღეობით ახალგაზრდულ გუნდებთან მუშაობენ.
 
მატჩიჩმა დილის 11–ის ნახევრიდან რომ დაიწყო, საღამოს 6 საათამდე გააგრძელა სემინარები – რა თქმა უნდა, შესვენებებით – სესიები ხომ სამ ნაწილად იყო დაყოფილი, რომლებშიც მატიჩმა თითქმის სრულად ჩაატია ის, რა სპეციფიკითაც თავად მუშაობს როგორც ასაკობრივ, ისე დიდ გუნდებთან თუ ნაკრებებთან. დავაზუსტებთ, რომ ვესელინ მატიჩი ირანის ეროვნულთან ერთად ასაკობრივ ნაკრებებსაც წვრთნის.
 
დიღმის ბაზაზე დაახლოებით 70 მწვრთნელი შეიკრიბა – რომლებსაც მატიჩი თავიდან გაესაუბრა და შემდეგ, თავისი მუშაობის სპეციფიკის დამსწრეთათვის უკეთ გასაცნობად, 16 წლამდელთა ნაკრების მოთამაშეები სამაგალითოდ ავარჯიშა. სებრმა სპეციალისტმა ქართველ მწვრთნელებს ბევრი სათამაშო ეპიზოდი, ვარჯიშების წარმართვის სპეციფიკა და კალათბურთის ახალგაზრდებისთვის სასწავლებელი სხვადასხვა ხერხი თუ მეთოდი უჩვენა. იმასაც ხშირად იმეორებდა, რომ დიდი შანსია, თქვენ ეს ყველამ კარგად იცოდეთ, მაგრამ კალათბურთი ხომ მუდმივად ერთი და იმავეს გამეორებაა – აქ ახალი არაფერია, რაც ვიცით, იმაზე უნდა ვიმუშაოთ და მაქსიმალურად დავხვეწოთო.
 

 
სემინარის შემდეგ ვესელინ მატიჩი კმაყოფილი იყო და ეს განაცხადა:
„საქართველოში იმისთვის ჩამოვედი, რომ მწვრთნელებს ახალგაზრდებთან მუშაობაში დავეხმარო. იმედი მაქვს, ჩემს მიერ ჩატარებული სემინარების შემდეგ საქართველოში კალათბურთის განვითარება შედარებით დაჩქარდება. მე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ხშირად მაგზავნის ხოლმე ფიბა ანალოგიური სემინარების ჩასატარებლად და საქართველო სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ ნიჭით გამორჩეული ბავშვები არიან. შესაძლოა, მათ არ იცოდნენ რაღაც კონკრეტული ვარჯიში, მაგრამ როცა უხსნი, ქართველი მოზარდები სხვებზე სწრაფად ითვისებენ“.
 
ვესელინ მატიჩმა გაიხსენა საქართველოში წინა ვიზიტი, როცა ის საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი იყო და მოლაპარაკებას აწარმოებდა ფედერაციის ხელმძღვანელობასთან:
„ახლა შემიძლია ვთქვა, რომ 2005 წელს, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობას მთავაზობდნენ, არჩევანში შევცდი. მაშინ მე პოლონეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობა ვარჩიე, B დივიზიონში მყოფ საქართველზე კი უარი ვთქვი. პოლონეთისთვის მაქსიმუმი იყო ის, სადაც მაშინ იყო, ხოლო საქართველოს ნაკრები მზარდი, დიდი პერსპექტივის გუნდი გახლდათ და მწვრთნელის საქმიანობაც სწორედ ყველაზე კარგად ასეთ ნაკრებებში ჩანს ხოლმე. მე მაშინ პოლონეთში წავედი და ხელიდან გავუშვი ის შანსი, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ის სიხარული გამეზიარებინა, რომელიც A დივიზიონში გადასვლით განიცადეთ. წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც და იმედი მაქვს, რომ კიდევ მეტს მიაღწევთ როგორც ეროვნული, ისე ასაკობრივი ნაკრებების დონეზე“.
 
ამით, ვესელინ მატიჩის სემინარები საქართველოში დასრულდა. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ფიბა–ევროპის ხელშეწყობით მომავალშიც გეგმავს ასეთი ტიპის სემინარების გამართვას.