“ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის” პრეზენტაცია

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ არაკომერციული იურიდიული პირი “ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდი” დააფუძნა, რომლის მიზანია საქართველოში ვეტერან კალათბურთელთა სოციალურ- მატერიალური პირობების გაუმჯობესება, ვეტერან კალათბურთელთა გვერდში დგომა და ფონდის მიერ განხორციელებულ პროგრამებში მათი ჩართვა.
“ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის” შექმნას მიეძღვნა პრესკონფერენცია, რომელიც ტოტალიზატორ “აჭარაბეთში” გაიმართა და რომელსაც ვეტერანი კალათბურთელები, “ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის” ვიცე-პრეზიდენტები ვალერი ლომაძე, ილარიონ ხაზარაძე, აღნიშნული ორგანიზაციის სათათბიროს წევრი ვაჟა ჟღენტი და საკალათბურთო სუპერლიგის დირექტორი – გიორგი ზაბახიძე ესწრებოდნენ.
თავდაპირველად სიტყვა გიორგი ზაბახიძის იყო, რომელმაც ფონდის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
 

გიორგი ზაბახიძე, ილარიონ ხაზარაძე, ვალერი ლომაძე და ვაჟა ჟღენტი
 
„ის დიდი სპორტსმენები, რომლებმაც საქართველოში კალათბურთის განვითარებისთვის ფასდაუდებელი შრომა გასწიეს და რომლებმაც ჩვენს ქვეყანას დიდი გამარჯვებები მოუპოვეს, სათანადო ყურადრების ცენტრში უნდა იყვნენ. ვეტერან კალათბურთელებს მოვლა და დახმარება სჭირდებათ, რისთვისაც კალათბურთის ფედერაციის თაოსნობით შეიქმნა ეს ფონდი. იმედია, ჩვენი ფედერაციის წამოწყებას სხვა ფედერაციებით გაიზიარებენ და საქართველოში ყველა ვეტერანი სპორტსმენი დახმარებას მიიღებს.:
ვალერი ლომაძე: “ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდი”, დაახლოებით ერთი თვის წინ დაფუძნდა. ფონდს ხელმძღვანელობს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტები მე და ილარიონ ხაზარაძე ვართ. ჩვენი ოფისი საქათველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის შენობაში, იმ სართულზე მდებარეობს, სადაც საქართველოს კალათბურთის ფედერაცია განთავსებული. ჩამოვაყალიბეთ “ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის” სათათბირო, რომელშიც გაერთიანებული არის 12 ქართველი ვეტერანი კალათბურთელი: გურამ მინაშვილი, ილარიონ ხაზარაძე, ამირან სხიერელი (უფროსი), ვაჟა ჟღენტი, ვალერი ლომაძე, ვაჟა ქუთათელაძე, თამაზ ჩიხლაძე, ნოდარ ქორქია, მედეა სურგულაძე, დავით მაღალთაძე, გია სანაძე და ანზორ საკანდელიძე”.
ილარიონ ხაზარაძე: “სათათბიროს კომპეტენციაში შედის ფინანსების მოძიება, მათი ოდენობის განსაზღვრა და მკაცრი კონტროლის ქვეშ აყვანა. ფონდის მიერ მოძიებული თანხებით, ვეტერან კალათბურთელებს სტიპენდიები დაენიშნებათ, ასევე, გაუწევთ დახმარებას დამსახურებისა და სოციალური მდგომარეობის მიხედვით. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ყოველთვიურად გადმოგვირიცხავს 1000 ლარს. უახლოეს დღეებში ფონდის სათათბირო შეიკრიბება, რომელიც 10 ვეტერან კალათბურთელს ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს 100-100 ლარის ოდენობით”
ვაჟა ჟღენტი: “ორგანიზაციების, ბიზნესმენების, კერძო პირების მიმართ ვეტერანი კალათბურთელების თხოვნაა, მონაწილეობა მიიღონ ამ მამულიშვილურ ღონისძიებაში და შესაძლებლობის ფარგლებში ფონდს ფინანსური თანადგომა გაუწიონ. ვეტერან კალათბურთელთა უმეტესობა პენსიის იმედადაა, რომელიც წამლისთვისაც არ ჰყოფნის. სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი შიმშილით გარდაიცვალა. სათამაშო სახეობებიდან, საქართველოში კალათბურთს ყველაზე მეტი წარმატება აქვს მოპოვებული. მსოფლიოში ბევრ ქვეყანს ვერ ნახავთ, რომელსაც, საქართველოსავით, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები ჰყავდა. იმედია, ამ წამოწყებას საზოგადოება აჰყვება და ფონდში გადასარიცხ თანხას არ დაიშურებენ. ეს ხალხი ნამდვილად იმსახურებს, რომ ტკბილი სიბერე ჰქონდეთ.”
 

ილარიონ ხაზარაძე, ვალერი ლომაძე და ვაჟა ჟღენტი