ვიქტორ სანიკიძის შვიდქულიანი დებიუტი

1 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა საკლუბო სეზონი საქართველოს ნაკრების მოთამაშეებისთვის – გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძისთვის. ჩვენებურთა „ტარტუ როკი“ ბალტიის ლიგის გათამაშებაში ჩაება – ეს ტურნირი სწორედ ცინცაძე–სანიკიძის გუნდის ლიტვურ „შაულიაისთან“ შერკინებით გაიხსნა.
თუმცა ამ შეხვედრას ვერ დავარქმევთ შერკინებას, რადგან თანაბარი ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში იყო. თანაბრად დამთავრებული პირველი ნახევრის შემდეგ  მასპინძელმა „შაულიაიმ“ ტარტუელებს 12 ქულით მოუგო მესამე მეოთხედი და საბოლოოდ 89:68 დაამარცხა.
 

გიორგი ცინცაძე
გიორგი ცინცაძე ერთ–ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. მან თამაში ხუთეულში დაიწყო და მოედანზე თავისიანთაგან ყველაზე მეტი, 30 წუთი გაატარა. საბოლოოდ ქართველ გამთამაშებელს 15 ქულა, 4 მოხსნა, 8 პასი და 2 ჩაჭრა დაუგროვდა და შედეგიანობით თავისიანთაგან მხოლოდ 17–ქულიან ტანოკა ბერდს ჩამორჩა. თუმცა თავი იჩინა ცინცაძის ძველმა სენმა და მან 7–ჯერ დაკარგა ბურთი.
გიორგიმ საშუალო დისტანციიდან სროლისას თავი ვერ გამოიჩინა, 5 ცდიდან მხოლოდ ერთი ჩააგდო, აი, პერიმეტრსმიღმიდან კი უფრო შედეგიანი იყო: 5–დან 3 სროლა მოათავსა ლიტველთა კალათში. რაც შეეხება საჯარიმოებს, ცინცაძემ 6 ცდიდან 4–ჯერ იხეირა და საბოლოოდ 15 ქულა დაუგროვდა.
ახლა კი სანიკიძის დებიუტზეც ვთქვათ: ვიქტორი სათადარიგო იყო და თამაშში მე–6 წუთზე ჩაება. მან მოედანზე 15 წუთი გაატარა და ამ დროის უმეტესობა ბოლო მეოთხედზე მოდის.
ვიქტორმა 3–ცდიდან 2 ორიანი ჩააგდო, ერთადერთი ნასროლი სამიანიც მოათავსა „შაულიაის“ კალათში და საბოლოოდ 7 ქულას მოუყარა თავი. მის ანგარიშზე იყო ასევე 3 მოხსნა, თითო ჩასი და ჩაჭრა, ხოლო ბურთი 3–ჯერ დაკარგა.
ბალტიის ლიგაში „ტარტუ როკი“ მომდევნო შეხვედრას 5 ოქტომბერს „ლიეტუვოს რიტასთან“ გამართავს.