ვლადე დივაცი თბილისის სპორტის სასახლეში

ვლადე დივაცი თბილისის სპორტის სასახლეში

თბილისში ვიზიტით მყოფი ლეგენდარული სერბი კალათბურთელი ვლადე დივაცი სპორტის სასახლეში იქაურობის დასათვალიერებლად მივიდა და ახალგაზრდა კალათბურთელები მოინახულა, მათთან გაისაუბრა და წაითამაშა კიდეც. დივაცი ჩვენს დედაქალაქში საერთაქშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრის რანგში იმყოფება, რომელმაც უნდა დაათვალიეროს თბილისის სპორტული კომპლექსები და ანგარიში სეოკ–ის ოფისში წარადგინოს.
 
დივაცი სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეა და ევროპულ ოლიმპიურ მოძრაობაშიც საფუძვლიანადაა ჩაბმული. ის იმ კომისიის წევრია, რომელმაც 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი ქალაქი უნდა აირჩიოს. კანდიდატი 2 დარჩა – თბილისის და ჩეხური ქალაქი ბრნო. გამარჯვებული ქალაქის ვინაობა 27 ნოემბერს სწორედ სერბეთში გაირკვევა.
 
სპორტის სასახლემდე დივაცმა თბილისის არაერთი სპორტული კომპლექსი მოინახულა, დღის ბოლომდე კი სერბი ჩინოსანი „დინამოს“ სტადიონზეც უნდა მისულიყო. სასახლეში შესული ვლადე დივაცი მოედანზე მოვარჯიშე ყველა მოზარდს პირადად მიესალმა და ხელი ჩამოართვა. შემდეგ პიჯაკი გაიხადა და ჯერ მოედნის ცენტრიდან, კალათისკენ ზურგით მდგარმა სცადა ბურთის ჩაგდება. ეს რომ არ გამოუვიდა, დივაცი და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი საჯარიმოს ხაზთან მივიდნენ და კალათი არაერთხელ დალაშქრეს.
 
დივაცმა ერთ–ერთი ბავშვი გამოარჩია, ხელში აიყვანა და ბურთი კალათში ჩაატენინა, შემდეგ კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. მისი განცხადებით, სპორტის სასახლე დიდებული არენაა და სრულად აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩამტარებელ სპორტულ ნაგებობებს რომ მოეთხოვებათ.
 
ვლადე დივაცი თბილისს დღესვე, 12 ნოემბერს, გვიან ღამით დატოვებს, ხოლო 27 ნოემბერს ის თავის სათქმელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივლის მასპინძელი ქალაქის არჩევნებისას იტყვის – თბილისს ან ბრნოს დაუჭერს მხარს.
 

საქართველოს სეოკ–ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, სერბეთის სეოკ–ის თავმჯდომარე ვლადე დივაცი, საქართველოს სეოკ–ის ვიცე–პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე და საქარტველოს კალათბურთის გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი
 

ვლადე დივაცი ყველა ახალგაზრდას სათითაოდ მიესალმა
 

 

 

ვლადე დივაცმა ცენტრიდან კალათისკენ
ზურგშექცევით მდგარმა სცადა ბურთის ჩაგდება
 

სამახსოვრო ფოტო: დივაცი და ქართველი ბავშვები