ვლადიმერ ბოისა ხორვატიის თასს ვერ შესწვდა

ვლადიმერ ბოისა ხორვატიის თასს ვერ შესწვდა

ვლადიმერ ბოისას „ზადარმა“ ხორვატიის თასის ოთხთა ფინალში თამაშის უფლება მიიღო, თუმცა ნახევარფინალში ზაგრების „ციბონასთან“ ოვერტაიმში 71:81 დამარცხდა და ცნობილი ხორვატი კალათბურთელის, კრასიმირ ჩოსიტას სახელობის თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ზადარელებმა პირველი ტაიმი 4 ქულით წააგეს, თუმცა მესამეში თავი გამოიდვეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ თავად გალიდერდნენ 4 ქულით. დაძაბულ ბრძოლაში წარმართული ბოლო წუთების შემდეგ ვერაფერი გადაწყდა, თამაში ოვერტაიმში გადავიდა – 60:60.
დამატებით დროში ეს მწირქულიანი და დაცვაზე აწყობილი თამაში გაიხსნა. გუნდებმა ლაღი კალათბურთი ითამაშეს, რაშიც „ცინობამ“ იძალა, დამატებითი 5–წუთეული 21:11 მოიგო და ფინალში გავიდა.
კრასიმირ ჩოსიტას სახელობის თასი საბოლოოდ ვერც „ციბონამ“ მოიგო. ფინალში „ზადარის“ მძლეველ „ციბონას“ „ზაგრებმა“ 81:74 აჯობა.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდს, ვლადიმერ ბოისამ 21,30 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
 

ვლადიმერ ბოისა (მარჯვნივ)