ვლადიმერ ბოისას სეზონის პირველივე ოფიციალურ მატჩში იმ გუნდის წინააღმდეგ მოუწია თამაშმა, რომელთანაც ყველაზე მჟიდრო ურთიერთობები აკავშირებს, სადაც მან თავისი კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. ბოისას „ზადარმა“ ადრიატიკის ლიგის პირველ ტურში ლიუბლიანურ „ოლიმპიას“ უმასპინძლა და ზედმეტი გართულებების გარეშე – 79:59 დაამარცხა.
ჩვენებურმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ანგარიში სწორედ მან გახსნა ზუსტი ორქულიანით. თუმცა, შემდეგ ვოვას სამიზნე აერია და თამაშიდან გასროლილი ოთხივე ორქულიანი და ერთი სამქულიანი არაზუსტი გამოუვიდა. ხორვატული კლუბის ქართველმა ფორვარდმა, პირადი ქულების გაზრდა მხოლოდ საჯარიმოს ხაზიდან მოახერხა. საბოლოოდ, ბოისამ შეხვედრა 4-4 ქულა-მოხსნით დაასრულა, პასივში კი 2 დაკარგვა და ამდენივე პერსონალური შენიშვნა ჩაიწერა.
მატჩის მთავარმექულე და ყველაზე სასარგებლო მოთამაშე კი, ბოისას თანაგუნდელი როკ სტიპჩევიჩი გახდა, რომელმაც 17 ქულასთან ერთად, 8 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოიხვეჭა.
რაც შეეხება თვითონ შეხვედრას, “ზადარი” თავიდანვე დაწინაურდა და სასტარტო მეოთხედში 32:25 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა ცალკე აღებული ოთხივე პერიოდის მოგება მოახერხეს და საბოლოოდ 20–ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს.
“ზადარი” მომდევნო შეხვედრას კვლავ ადრიატიკის ლიგაზე ითამაშებს – ამჯერად, გასვლით მატჩში სერბულ “რადნიჩკის” დაუპირისპირდება.