ხორვატული „ზადარის“ ფორვარდმა ვლადიმერ ბოისამ გასულ კვირაში მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ითამაშა, როცა მისი გუნდი ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე „ჰაპოელს“ იერუსალიმში შეხვდა. მაშინ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა 17 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, წუხელ კი ევროთასის ჯგუფური ეტაპის მეორე წრე დაიწყო, ბოისას გუნდი კი ისევ „ჰაპოელს“, ოღონდ ამჯერად ხორვატიაში შეხვდა და 93:74 გაანადგურა. ვლადიმერ ბოისამ 32 წუთი ითამაშა და 21 ქულა, 14 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
ზადარელებმა პირველი მეოთხედი 2 ქულით წააგეს, თუმცა მომდევნო პერიოდებში ვლადიმერ ბოისას წინამძღოლობით თამაში გამოასწორეს, ლიდერობა მოიხელთეს და საბოლოოდ ეს პრინციპული შეხვედრა დიდი სხვაობით მოიგეს.
ჯგუფში ზადარელები „ჰაპოელთან“, ბერძნულ „არისთან“ და ლიტვურ „შაულიაისთან“ ერთად არიან. მომდევნო ეტაპზე 2 გუნდი გადის და ეს მოგება ბოისას გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა. „ზადარს“ 2–2 მოგებ–წაგება აქვს და „ჰაპოელთან“ ერთად 2–3 ადგილებს იყოფს.
რაც შეეხება ბოისას სტატისტიკურ მონაგარს, მან 21 ქულა შემდეგნაირად მოაგროვა: 7–დან 6 ორქულიანი, 7–დან 4 სამიანი დ 4–დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მან ერთხელ დაკარგა ბურთი, 3 ჯარიმა მიიღო და მასზე იერუსალიმელები ორჯერ დაჯარიმდნენ.
„ჩვენ ვითამაშეთ უმაღლესი დონის კალათბურთი. დაცვაშიც კარგად ვირჯებოდით და ფარქვეშაც ვდომინირებდით. პირველ ტაიმში ცოტა ვნერვიულობდით და ალბათ ამიტომაც გაგვიჭირდა, თუმცა როცა უპირატესობა მოვიპოვეთ, ყველაფერი მწყობრში ჩადგა და საბოლოოდ დიდი ანგარიშით ვიმარჯვეთ. ამ მოგებამ ჩვენ რწმენა დაგვიბრუნა და დარჩენილ 2 მატჩში ვეცდებით, რომ წარმატებას მივაღწიოთ, რაც მომდევნო ეტაპზე გასვლის საშუალებას მოგვცემს“ – განაცხადა „ზადარის“ მწვრთნელმა, ზმაკო საგადინმა მატჩის შემდეგ.
მომდევნო ტურში „ზადარს“ რთული მატჩი ელის საბერძნეთში – ჯგუფის ლიდერ „არისთან“.
ამასობაში ხორვატიაშვი გამოარჩიეს ის კალათბურთელები, რომლებიც ოლ სტარში მიიღებენ მონაწილეობას და რა თქმა უნდა, ეს ამბავი ვლადიმერ ბოისას გარეშე არ ჩაივლის. ხორვატიაში ყველა ვარსკვლავის მატჩი,ისევე როგორც უმეტეს ქვეყნებში, გეოგრაფიული პრინციპით იმართება, ოღონდ ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონების წარმომადგენლები ერკინებიან. ბოისა სამხრეთის ნაკრებშია და აი მისი გუნდის სრული შემადგენლობაც:
როკ სტიპკევიჩი, ჰროვე პერიჩი, მარკო კარი, მიკა დაუნსი, ვლადიმერ ბოისა (ყველა ზადარი), ტონი ბიზაჩი (ტრიგორი), მირა ბილანი, ლუკ პეტკოვიჩი (შიბენიკი), მარიო დელასი, ჯერი მიკურა (სპლიტი), მეტ მვრა (ბორიკი), ანტონიო ოსტრიჩი (დუბროვნიკი), ალენ ბლესიჩი (კასტელი).
ვლადიმერ ბოისა (#11)