ნელ–ნელა უშინაურდება ახალ გუნდსა და ლიგას საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვლადიმერ ბოისა, რომელმაც წუხელ მეორე მატჩი ჩაატარა ესპანურ პრიმერადივიზიონში. მისი “მენორკა” სტუმრად “ბილბაოს” ეთამაშა და 62:74 წააგო.
ვლადიმერ ბოისა “მენორკას” წუთშესვენებაზე
ბოისა ხუთეულში იყო და მოედანზე წინა მატჩის დარად 22 წუთი დაჰყო. ვოვამ 5 ცდიდან 2 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო პერიმეტრსმიღმიდან ოდნავ უკეთესად ისროლა: 4–დან 2 სამიანი მიითვალა და საბოლოოდ 10 ქულა მოაგროვა. მას შედეგიანობაში თავისიანთაგან მხოლოდ ამერიკელმა პუჰ ჯეტერმა აჯობა, რომელმაც 15 ქულა მიითვალა.ბოისამ 10 ქულას 3 მოხსნა და თითო ჩაჭრა–პასიც მიაბა და მენორკელთაგან ერთ–ერთი საუკეთესო იყო.
თამაში თანაბარი იყო თავიდანვე. “მენორკამ” პირველი მეოთხედი 16:13 მოიგო, მეორეშიც იმარჯვა მინიმალური სხვაობით და დიდ შესვენებაზე 31:27 ლიდერობდა. თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა იძალეს, რაც ლიტველი ლეგიონერის, რენალდის სიებუტისის დახმარებით მოახერხეს და საბოლოოდ გამარჯვებასაც დაეპატრონენ.
ბოისა ბილბაოელ ლიუკ პეკერს გადაეღობა
ბოისას გუნდი მომდევნო მატჩს 12 ოქტომბერს შინ “ხუვენტუდთან” გამართავს, ხოლო დღეს კიდევ ერთ საქართველოს ნაკრების წევრს უწევს პრიმერადივიზიონში თამაში: ტაირონ ელისის “კახასოლი”, რომელიც პირველ ტურში სტუმრად ქულით დამარცხდა “მანრესასთან”, “უნიკახას” უმასპინძლებს.