ეროვნულ ნაკრებში დაკავებულობის გამო ჩვენი ლეგიონერები, ცხადია, ცოტა მოგვიანებით შეუერთდნენ თავიანთ კლუბებს. შეკრება დაწყებული ჰქონდა და რამდენიმე ამხანაგური მატჩიც გაემართა, როცა ვლადიმერ ბოისა თავის ახალ კლუბ “ვივა მენორკაში” ჩავიდა.
ესპანეთის პრიმერადივიზიონი 5 ოქტომბერს იწყება, მანამდე კი კლუბები ერთმანეთთან სპარინგ–მატჩებში ცდიან ძალებს. ბოისას ჩასვლის შემდეგ “მენორკამ” 2 ამხანაგური მატჩი გამართა და საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ორივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ჩვენებურის გუნდი ჯერ “ბილბაოს” შეხვდა და 52:63 დამარცხდა. ეს გახლდათ ვლადიმერ ბოისას პირველი მატჩი “მენორკას” შემადგენლობაში. ვოვამ დებიუტი 3 ქულით აღნიშნა, ის სათადარიგო სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე ათიოდ წუთი დაჰყო.
გაცილებით ბარაქიანი გამოდგა ბოისასთვის მეორე მატჩი, რომელშიც “მენორკამ” 84:59 გაანადგურა პრიმერადივიზიონელი “მანრესა”. ვოვა ამჯერადაც სათადარიგო იყო, მაგრამ ის წარმატებით ჩაერთო თამაშში და საბოლოოდ მოხვეჭილი 17 ქულით ბომბარდირობასაც გამოჰკრა ხელი.
ამით “მენორკამ” მოსამზადებელი მატჩები დაასრულა და ესპანეთის ჩემპიონატის დაწყებას ელოდება. ბოისას გუნდის მეტოქე პირველ ტურში ევროპული დონის გრანდი “ტაუ კერამიკაა”.