სუპერლიგის პირველი წრის ბოლო ტური, რომელიც ასევე 2025 წლის ბოლო ტურია, დღეს დაიწყო. პირველი წრის დასკვნით ტურში საინტერესო წყვილები თამაშობენ და დაგეგმილი 5 მატჩიდან 3 უკვე დასრულდა.
მთავარი დაპირისპირება დიღმის არენაზე, ვსა-სა და თსუ-ს შორის შედგა. თსუ ამ ტურამდე სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერი იყო 7 მოგებითა და 2 მარცხით, ხოლო ვსა-ს ერთით მეტი მარცხი ჰქონდა და ამ მატჩის მნიშვნელობაზე ეს ფაქტი ყველაზე კარგად მეტყველებს. ვსა-ს რომ მოეგო, თსუ-ს უთანაბრდებოდა და ურთიერთშეხვედრაში მოგების წყალობით უსწრებდა კიდეც. საბოლოოდ ყველაფერი ასეც მოხდა. ვსა-მ 79:71 (სტატისტიკა) დაამარცხა თსუ და პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა.
დავით ნოზაძის გაწვრთნილმა ვსა-მ მებრძოლი ხასიათი აჩვენა. სრული შემადგენლობით მყოფ თსუ-ს არ შეუშინდა, დალაგებული თამაშითა და ტაქტიკით თამაში ისე ჩაამთავრა, რომ მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. მეთოდურად, გააზრებული თამაშის წყალობით ვსა-მ გამარჯვება დაიმსახურა და “ახალი წლის ჩემპიონის” არაოფიციალური ტიტულიც დაისაკუთრა. ვსა-ში დემარე კინგი გამოირჩა, რომელმაც 30 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა მიითვალა.13 ქულა და 5 პასი ჰქონდა ტერენს ჰარქამს, ლევან გოგიჩაიშვილის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა.
არანაკლებ პრინციპული დაპირისპირება შედგა თბილისი არენაზე, სადაც ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდები – კსუ-კავკასია და გორის ივერიონი შეხვდნენ. გორელები ქულით უსწრებდნენ კავკასიელებს და რომ მოეგოთ, ლიდერებს გაუთანაბრდებოდნენ, ხოლო თავის მხრივ კავკასიას რომ ემარჯვა ივერიონს უთანაბრდებოდა.
გორელები თავიდან სოლიდურად დაწინაურდნენ – მეტოქე 30:14 ჩამოიტოვეს, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კსუ-მ მეორე პერიოდი 29:19 მოიგო, მესამე პერიოდში კი საქმე ფაქტობრივად მოამთავრა: ათწუთეულში 27:11 იმარჯვა და გადამწყვეტ პერიოდს ფაქტობრივად აზრი დაუკარგა.
საბოლოოდ კსუ-მ 99:73 (სტატისტიკა) იმარჯვა და 6 მოგება – 4 მარცხით ივერიონსა და ბათუმს გაუთანაბრდა. თავის მხრივ ბათუმმა სუპერლიგიდან გასავარდნ ზონაში მყოფი რაში დაამარცხა – 99:83 (სტატისტიკა) . რაშმა პირველ წრეში მხოლოდ 1 მატჩი მოიგო, თუმცა გურჯაანის დელტაზე გაცილებით კარგ მდგომარეობაშია. დელტამ პირველი წრის ათივე შეხვედრა წააგო და “ა” ლიგაში დაქვეითების უმთავრესი კანდიდატია.
მე-11 ტური დღეს იმერეთში დასრულდება. ზესტაფონის მარგვეთი ქუთაისს უმასპინძლებს, ხოლო ტყიბულში ორბი რუსთავს მიიღებს.