“ზადარს” ბოისას ორმაგმა დუბლმა ვერ უშველა

 
               ადრიატიკის ლიგა
ვლადიმერ ბოისას “ზადარი” სერბულ “ჰემოფარმს” ესტუმრა და ქართველი კალათბურთელის ორმაგი დუბლის მიუხედავად 58:67 დამარცხდა.
მატჩის დასკვნითი მეოთხედის წინ, სტუმრები მხოლოდ სამი ქულით აგებდნენ, თუმცა, ვრშაცის “მილენიუმზე” შეკრებილი ათასამდე ქომაგი “ჰემოფარმს” მაგრად დაეხმარა და დარჩენილი წუთები 15:9 მოაგებინა.
ბოისამ ხორვატული კლუბის სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 36.45 წუთში 10 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ვოვამ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და სამქულიანებშიც ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა, ორი საჯარიმო კი მიზანს მიღმა სტყორცნა.
ქართველმა ფორვარდმა ბურთი 4-ჯერ დაკარგა, მსაჯებს ამდენივე პერსონალური ფოლი დასტყუა, მეტოქეები კი მასზე 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ზადარის” შემადგენლობაში ბოისაზე უკეთ მხოლოდ ტომისლავ რუჟიჩი გაისარჯა, რომელმაც 31.30 წუთში 10 ქულას 13 მოხსნა წაამატა.
10 მოგებითა და 8 მარცხით, ქართველი კალათბურთელის გუნდი მე-7 ადგილზე იმყოფება და ლიდერ ზაგრების “ციბონას” 4 გამარჯვებით ჩამორჩება.
“ზადარი” მომდევნო მატჩს სწორედ “ციბონასთან”, 31 იანვარს, შინაურ კედლებში ჩაატარებს.