დღეს აგრარულმა უნივერსიტეტის დარბაზმა 5 მატჩს უმასპინძლა, რომლებშიც
დაძაბულობაზე მეტად დიდი სხვაობები ვიხილეთ. გასნაკუთრებით უმოწყალოდ
მოიქცა ზურა სამხარაძის „ზაზა“, რომელმაც „დინამო“ 106 ქულით დაამარცხა
16–წლამდელთა ჩემპიონატში ბადალი არ ჰყავს ბექა ბურჯანაძეს, რომელიც
დღე–დღეზე ესპანეთში აპირებს გამგზავრებას. მას წინასწარი კონტრაქტი აქვს
გაფორმებული სევილიურ „კახასოლთან“, თუმცა სანამ წავა, „ზაზას“ მეტოქეთა რბევაში
ეხმარება.
დღეს, „დინამოს“ წინააღმდეგ, ბურჯანაძემ მხოლოდ 18 წუთი ითამაშა და 29
ქულის მოგროვება მოასწრო. 26 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა მისმა თანაგუნდელმა ლევან
კაკაურიძემ, მთლიანად გუნდმა კი გამანადგურებელი მარცხი აგემა არჩილ ჟღენტის „დინამოს“.
ამ სეზონში პირველი მატჩი გამართა ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა „ქუთაისმა“.
იმერლების გუნდში მხოლოდ სამმა კალათბურთელმა ითამაშა გასული სეზონის
შემადგენლობიდან– ლევან გრძელიძე, დავით იაშვილი და თემურ ფხაკაძე ჯერაც არ
გამხდარან 16 წლისანი.
ქუთაისელებმა 100:37 გაანადგურეს „იმედი“, ყველაზე მეტი ქულა კი გამარჯვებულთაგან
ლევან გრძელიძემ მოიპოვა, რომელიც გასულ სეზონშიც ლიდერობდა მომავალ ჩემპიონ
გუნდს.
ხათუნა გაბედავას „მართვემ“ 86:62 მოუგო „აკადემია–2“–ს. ამ
შეხვედრაში საინტერესო დამთხვევა ის იყო, რომ მართველთა 23 ნომერმა გიორგი
მურვანიძემ 23 ქულა მოაგროვა, ხოლო 24 ნომერმა ნოდარ ღლონტმა – 24. გამარჯვებულთაგან
თავი 16–წლამდელთა ნაკრების კანდიდატმა შოთა გოლეთიანმაც გამოიჩინა, რომელმაც 20
ქულა, 8 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა.
„აკადემიის“ პირველმა გუნდმა „ვარსკვლავები“ 92:49 გაანადგურა და
მეორე ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა
აკადემიელებმა მეტოქეს საქმე პირველივე ტაიმის შემდეგ მოუთავეს, როცა დიდ
შესვენებაზე 38–ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 54:16.
მეხუთე მატჩში ზვიად დიდბარიძის „ორბმა“ 86:71 მოუგო თამაზ ოქრუაშვილის
„ვერეს“. ეს მატჩი დღის დანარჩენ შეხვედრებთან შედარებით დაძაბული გამოვიდა, ოღონდ
საბოლოოდ არც ეს გახლდათ ის, რისი ხილვაც აღფრთოვანებაში მოიყვანდა ნეიტრალურ
გულშემატკივარს.