ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსი” ნბა-ს მორიგ საგამოფენო მატჩში საკუთარ მოედანზე “ფინიქს სანზთან” 100:102 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს შორის ერთი კვირის წინ გამართული ფინიქსური შეხვედრა ჯორჯიელთა გამარჯვებით, 100:96 დასრულდა.ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, “ატლანტას” თავკაცმა ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში დააბრუნა. სასტარტოში იყო მისი უმთავრესი კონკურენტი ალ ჰორფორდიც, ოღონდ, მას მეოთხე ნომრის ფუნქციის შესრულება ევალებოდა, ცენტრის მოვალეობას კი, ჩვენებური თავობდა.
ფაჩულიამ მოედანზე მთლიანობაში 19 წუთი გაატარა და დროის ამ მონაკვეთში 7 ქულას, 10 მოხსნასა (2 შეტევაში) და ერთ დაფარებას გამორჩა, ამასთან, მან 3–ჯერ დაკარგა ბურთი და ერთი პერსონალური შენიშვნაც მიიღო. ზაზამ თამაშიდან 2-ჯერ ტყორცნა და აქედან ერთი გამოუვიდა შედეგიანი, 6 საჯარიმო სროლიდან კი მხოლოდ ერთი გაუცუდდა.ჰორფორდს ფაჩულიაზე მეტი სათამაშო დრო, 28 წუთი ერგო და მან შეხვედრა 15 ქულით (9 ორქულიანიდა 4 ჩააგდო, 9 საჯარიმოდან – 7), 6 მოხსნით, 1 დაფარებით, 2 შეცდომითა და 3 პერსონალურით დაასრულა.რაც შეეხება თვითონ მატჩს, მან აბსოლუტურად თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. მთელი თამაშის განმავლობაში გუნდები ფეხდაფეხ მისდევდნენ ერთმანეთს. შეხვედრის დასრულებამდე 10 წამით ადრეც ანგარიში თანაბარი – 100:100 იყო, მაგრამ დარჩენილ დროში ფინიქსელთა გამოცდილმა ფორვარდმა, გრანტ ჰილმა შედეგიანი შეტევის განხორციელება შეძლო და თავის გუნდს ერთი კვირის წინ განცდილ დამარცხებისთვის მეტოქეზე რევანში ააღებინა.ატლანტელთა შორის ყველაზე შედეგიანი წელს “ინდიანა პეისერსიდან” გადასული რონალდ მიურეი იყო, რომელმაც 23 ქულის მითვლა მოახერხა, სტუმართაგან კი მთავარმექულე რაჯა ბელი გახდა, რომელმაც პირად აქტივში 18 ქულა ჩაიწერა.ამ წაგების შემდეგ, საგამოფენო შეხვედრებში ჯორჯიელთა დადებითი ბალანსი მინიმუმამდე შემცირდა – 3 გამარჯვება და 2 დამარცხება. “ატლანტა” მომდევნო მატჩს 18 ოქტომბერს, სტუმრად “შარლოტ ბობქეთსთან” გამართავს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საკუთარ მოედანზე 88:87 სძლია.