საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელი ვარჯიშისას სოფიის „უნივერსიადის“ დარბაზში ჟურნალისტებიც მივიდნენ. ბულგარელების უმთავრესი სამიზნე ჩვენი ნაკრების კაპიტანი, „ატლანტა ჰოუქსის“ ცენტრი ზაზა ფაჩულია გახლდათ. გთავაზობთ ფაჩულიას კომენტარებით გაჯერებულ სტატიას, რომელიც ბულგარულ ვებ–გვერდზე (bulgarianbasket.com) გამოქვეყნდა სათაურით:
“ზაზა აჩულია: ჩვენ ვიცით, რომ ძალიან რთული იქნება, მაგრამ შანსის გამოყენებას ბოლომდე ვეცდებით“
საკამათო არაა, რომ საქართველოს ნაკრებში ყველაზე ცნობილი კალათბურთელი „ატლანტა ჰოუქსის“ ცენტრი ზაზა ფაჩულიაა. 210–სანტიმეტრიანი ქართველი გიგანტი თავის თანაგუნდელებთან ერთად შაბათს, 18 საათზე (თბილისის დროით 19 საათზე), ბულგარეთის ნაკრებთან სათამაშოდ გამოვა. ორივე გუნდს 2 მოგება და 1 მარცხი აქვთ მიმდინარე შესარჩევ ციკლში.
„ვიცი, რომ როგორც სტუმრებს, ძალიან რთული ბრძოლა გველის – ამბობს ფაჩულია – არც ერთ გუნდს არ უნდა, რომ წაიფორხილოს, ეს ხომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსებს შეამცირებს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც გამარჯვების მოსაპოვებლად შეიძლება. ბულგარეთი შინ ძლიერად თამაშობს, თქვენ გყავთ კარგი მსროლელები, შეთამაშებულები ხართ და საკმაოდ დიდი გამოცდილებაც დაგიგროვდათ. ბულგარელი კალათბურთელები წლების მანძილზე ერთად თამაშობენ, თუმც მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით, რა როგორ გავაკეთოთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ. მართალია, მე ნბა–ში მსოფლიოს უძლიერეს კალათბურთელებთან მიწევს თამაში, მაგრამ ეროვნული ნაკრები სულ სხვა განცდაა, სხვა ემოციაა“.
ზაზა ფაჩულია და ნაკრების ფიზიო–თერაპევტი
ირაკლი ყარსიმაშვილი სოფიის “უნივერსიადის” დარბაზში
„ჩვენს ჯგუფში ყველა გუნდი ანგარიშგასაწევია. შესაბამისად, დაუმარცხებელი არავინაა და ამიტომაც, პირადად მე, არ დავნებდები და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავიღებ. როგორც მასპინძლები, თქვენ აუცილებელ გამარჯვებას ელით, ეს კი ჩვენს შანსებს ზრდის“.
„ჩვენ შესაძლოა არ მოველოდით, რომ პირველ მატჩში პოლონელებს ლამის 20 ქულით დავამარცხებდით, მაგრამ ეს ლოგიკური იყო. თბილისში ჩვენ არ წაგვიგია არც ერთი მატჩი მას შემდეგ, რაც მე ეროვნულ ნაკრებში დავიწყე თამაში. ვფიქრობ, ხვალინდელი მატჩიც წარმატებული იქნება და კარგ მოგონებებს დამიტოვებს სოფიაში სტუმრობაზე“.