ზაზა ფაჩულია სპორტის სამინისტრომ წლის საუკეთესო ლეგიონერ სპორტსმენად დაასახელა (VIDEO)

ზაზა ფაჩულია სპორტის სამინისტრომ წლის საუკეთესო ლეგიონერ სპორტსმენად დაასახელა (VIDEO)

ზაზა ფაჩულია საქართველოს საუკეთესო ლეგიონერია. კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უცხოეთში მოასპარეზე 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.
 
ეს ამბავი თბილისის ფილარმონიის „ივენთ ჰოლში“ გამართულ სამინისტროს გალა-დაჯილდოვებაზე გაჟღერდა, სადაც სპორტის სფეროს წამყვანი მწვრთნელები, მსაჯები, გუნდები და მოღვაწეები გამოარჩიეს. ნომინაციებს და გამარჯვებულთა სრულ სიას სპორტისა და ახალგაზრდობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.msy.gov.ge) გაეცნობით, აქ კი ამ ღონისძიებას საკალათბურთო კუთხით წარმოვადგენთ.

როგორც ვთქვით, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია წლის საუკეთესო ლეგიონერად აღიარეს. ფაჩულია საქართველოში არ იმყოფება, დაჯილდოვების დღეს მას ნბა-ში მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდა მის ყოფილ გუნდ „ატლანტა ჰოუქსთან“. სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი ზაზას დედას, ქალბატონ მანირა კოდუას გადასცეს, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებამ ფაჩულიას სამადლობელი სიტყვა და საშობა-ახალწლო მილოცვის კლიპი მოისმინა, რომელიც ნაკრების კაპიტანმა ამერიკიდან გამოაგზავნა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების სერბი სპეციალისტი, იგორ კოკოშკოვი წლის საუკეთესო 3 მწვრთნელს შორის დასახელდა. მორაგბეთა ნაკრების თავკაც მილტონ ჰეიგთან და ძიუდოისტთა მწვრთნელ ირაკლი უზნაძესთან ერთან კოკოშკოვი წლის საუკთსო მწვრთნელის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. პრიზი ევროპის ჩემპიონისა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი ძიუდოს ნაკრების მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს გადაეცა.
ცნობილი ვეტერანი კალათბურთელი და დამსახურებული მწვრთნელი, ლევან მოსეშვილი სამინისტრომ სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა. ბატონი ლევანი გალა-დაჯილდოვებაზე არ იმყოფებოდა და მისთვის განკუთვნილი პრიზი კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა, კალათბურთის მსაჯთა კავშირის აღმასრულებელმა დირქტორმა, პაატა ლობჟანიძემ ჩაიბარა.