ზაზა ფაჩულიამ ნბა–ში გალიდერებულ “ატლანტას” 12 ქულა და 8 მოხსნა მიაშველა

მიუხედავად იმისა, რომ “ატლანტა ჰოუქსს” ერთ–ერთი ლიდერი, ტრავმირებული ჯოშ სმიტი აკლია, ეს გუნდი მაინც განაგრძობს თავის მოულოდნელად წარმატებულ აღმასვლას აღმოსავლეთ კონფერენციასა და სრულიად ლიგაში. ზაზა ფაჩულიას გუნდი უკვე გაუსაჩივრებელი ლიდერია, რადგან დასავლელ “ლეიკერსთან” ერთად ჯერ წაგების გემო არ იცის.
ატლანტელებმა დღეს გამთენიისას საკმაოდ მძლავრი “ბულსი” ჩიკაგოში 113:108 დაამარცხეს, ექვსიდან მეექვსე გამარჯვება იზეიმეს და პლეი ოფში გასვლაზე აქედანვე გააკეთეს განაცხადი. ჯოშ სმიტის არყოფნის გამო ხუთეულში გამოთავისუფლებული ადგილი ისევ ზაზა ფაჩულიამ დაიკავა, რომელიც ამჯერად გაცილებით უკეთ გაისარჯა, ვიდრე წინა ორ შეხვედრაში.
 

 
“ატლანტამ” თამაში სამი ტანმაღალი კალათბურთელით დაიწყო. ფაჩულიასთან ერთად ჩიკაგოელთა ფარის რბევა პირველივე წუთებიდან 210–სანტიმეტრიანმა ალ ჰორფორდმა და ოდნავ მასზე დაბალმა, ტრავმამოშუშებულმა მარვინ უილიამსმა დაიწყეს. ამან გაამართლა და ატლანტელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, რაც თამაშის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ. ცოტა ბოლო მეოთხედში გაუჭირდათ “ქორებს”, როცა მასპინძელმა “ხარებმა” ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, თუმცა დიდებულად ითამაშა ატლანტელთა ძირითადმა ცენტრმა, ზაზა ფაჩულიას კონკურენტმა ალ ჰორფორდმა, რომელმაც 27 ქულას 17 მოხსნა, 6 დაფარება და 3 პასი მოაყოლა. ჰორფორდის ძალისხმევით ჯორჯიელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს, თუმც დანარჩენი ატლანტელების ღვაწლიც არაა დასავიწყებელი.
ზაზა ფაჩულიამ 26 წუთი დაყო მოედანზე და 12 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს. ზაზამ ჩააგდო 4–დან ოთხივე საჯარიმო, ხოლო ორქულიანი დისტანციიდან განხორციელებული 6 სროლიდან 4 მოათავსა ჩიკაგოელთა კალათში.
ერთი სიტყვით, ნბა–ს ამჟამინდელი ლიდერი გუნდის ხუთეულშია და ხეირიანადაც აშველებს თვისიანებს ხელს ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია, რომელსაც ამ სეზონის ბოლოს “ატლანტასთან” 4–წლიანი კონტრაქტი უმთავრდება, მაგრამ თუ ასე გააგრძელა, ახალი ხელშეკრულების დამსახურება არ უნდა გაუჭირდეს.
მომდევნო მატჩში ატლანტელებს უსერიოზულესი გამოცდა აქვთ ჩასაბარებელი – “ქორები” ნბა–ს მოქმედ ჩემპიონ “სელტიქსს” ბოსტონში ეთამაშებიან, რომელსაც აქამდე 7 გამარჯვება მოუპოვებია 1 მარცხის წილ.