ზაზა ფაჩულიამ “ორლანდოსთან” 11 ქულა გამოფინა

გუშინწინ ამერიკაში საგამოფენო მატჩები გაიხსნა, რომელთა მიზანიც ახალი სეზონისთვის მომზადებაა და წუხელ საქმეში ნბა–ს შერჩენილი ერთადერთი ქართველიც ვიხილეთ. ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ–ერთი მლავრი გუნდი “ორლანდო” სტუმრად 118:101 დაამარცხა და ამაში წვლილი ქართველ ცენტრსაც მიუძღვის.
 

ზაზა ფაჩულია ორლანდოელთა გარემოცვაში
 
ფაჩულია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე მთლიანობაში 19 წუთი გაატარა. ამ დროის კვალობაზე ქართველი ცენტრი საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა: 11 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება.
ზაზამ თამაშიდან 5–ჯერ შეუტია ორლანდოელთა კალათს და 3 ორქულიანი ჩააგდო. აი, საჯარიმოს ხაზიდან კი ფაჩულია შეუმცდარი იყო: 5–დან ყველა სროლა გამოიყენა.
უკეთესი სტატისტიკა აჩვენა გასულ სეზონში ზაზას ხუთეულიდან ამომგდებმა ახალბედა ალ ჰორფორდმა, რომელმაც ამჯერადაც სასტარტოში დაიწყო თამაში და მოედანზე ფაჩულიაზე ოდნავ მეტი, 22 წუთი გაატარა. ჰორფორდმა 13 ქულას 9 მოხსნა, 4 დაფარება და 1 პასი მოაყოლა, თუმცა ორლანდოელმა სუპერვარსკვლავმა დუაიტ ჰოვარდმა მას ორჯერ დააფარა.
მომდევნო საგამოფენო მატჩს ატლანტელები ხვალ სტუმრად “ფინიქსთან” გამართავენ.