„გოლდენ სტეიტმა“ სტუმრად 118:98 დაამარცხა „ორლანდო ეჯიქი“, ზაზა ფაჩულიამ კი 20 წუთში 14 ქულა მოაგროვა და რაც მთავარია, სროლათა მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. ქართველი ცენტრის მეურკვე გახლდათ მონტენეგროელი ნიკოლა ვუჩევიჩი, რომელსაც ზაზამ დუელი გასულ სექტემბერში, სანაკრებო დონეზეც მოუგო.
თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ ოკლენდელებმა მესამე პერიოდი 42:24 მოიგეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს. ფაჩულია საკმაოდ ეფექტური იყო როგორც შეტევაში, ისე დცვაში. ფაჩულიამ 8 ცდიდან 7 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. 14 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 5 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ეაც შეეხება „ორლანდოს“ ცენტრს, ვუჩევიჩმა ზაზაზე 4 წუთით მეტი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.
„გოლდენ სტეიტში“ 27 ქულით სტეფ კარი გამოირჩა. 21 ქულა მოაგროვა კლეი ტომპსონმა. ორივე ამ კალათბურთელმა 7-7 სამქულიანი ჩააგდო. კევინ დიურანტი 15 ქულას დასჯერდა, ოკლენდელთა მეორე ცენტრმა ჯავალ მაკდიმ კი 13 ქულას უწია.
44 მატჩიდან 38 მოგებით „გოლდენ სტეიტს“ ლიგის საუკეთესო შედეგი აქვს. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 24 იანვარს, სტუმრად „მაიამი ჰითთან“ გამართავს.