“გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ მორიგი გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ოკლენდს ესტუმრა „ოკლაჰომა სიტი სანდერი“, რომლის ღირსებასაც გასულ სეზონში კევინ დიურანტი იცავდა. სუპერვარსკვლავმა ყოფილ გუნდს 40 ქულა ჩაუგდო და კალიფორნიელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
ოკლაჰომელებმა პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მასპინძლებს. ფრედ დასრულებული ნახევრის შემდეგ „გოლდენ სტეიტმა“ სტუმრები გატეხა და მესამე პერიოდის 37:22 მოგებით გამარჯვებულის ვინაობა გაარკვია. საბოლოოდ „მეომრებმა“ 121:100 მოიგეს და ნბა-ში ლიდერობა გაიმყარეს.
გოლდენსტეიტელთა ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 19 წუთი დაჰყო. ფაჩულიამ 5-დან 1 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 5 ქულა მოაგროვა, რასაც 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. ზაზამ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა. მისი მოედანზე ყოფნის დროს „გოლდენ სტეიტმა“ 8 ქულით აჯობა მეტოქეს.
საუკეთესო შედეგი კევინ დიურანტმა დააფიქსირა, რომელმაც 40 ქულასთან ერთად 12 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 24 ქულა და 8 პასი სტეფ კარიმ მოაგროვა, დრეიმონდ გრინის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. „ოკლაჰომაში“ სამმაგი დუბლით გამოირჩა რასელ ვესტბრუკი – 27 ქულა, 15 მოხსნა, 13 პასი. თურქმა ცენტრმა, ენეს კანტერმა სტუმრებს 22 ქულა და 9 მოხსნა მიაშველა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა.
„გოლდენ სტეიტს“ 36 გამარჯვების წილ მხოლოდ 6 მარცხი აქვს და აც ერთ კონფერენციაში ბადალი არ ჰყავს. შემდეგი დაპირისპირება ოკლენდელებს 21 იანვარს ჰიუსტონში ელის.