ზაზა ფაჩულიას გუნდმა ვარსკვლავების “მაიამი” დაამარცხა

ზაზა ფაჩულიას გუნდმა ვარსკვლავების “მაიამი” დაამარცხა

ბოლოსწინა საგამოფენო მატჩი გამართა ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსმა“, რომელმაც ლიგის უმთავრეს ფავორიტად მიჩნეული, ლებრონ ჯეიმსის, კრის ბოშისა და დუეინ ვეიდის „მაიამი ჰითი“ დაამარცხა.
 
ამ სამი ვარსკვლავიდან “ატლანტასათან” სათამაშოდ ლებრონ ჯეიმსი და კრის ბოში გავიდნენ, ვეიდს კი მცირე ტრავმა აქვს და „მაიამის“ თავკაცები არ ტვირთავენ. შეხვედრა მოსამზადებელი ხასითის იყო, მაგრამ მაიამელების დამარცხება მაინც დიდი საქმეა ატლანტელებისთვის. მეტ–ნაკლებად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ „ქორებმა“ თამაშის ტემპს მოუმატეს და საბოლოოდ 98:89 იმარჯვეს.
 
ფაჩულიამ მოედანზე 17,21 წუთი გაატარა და 5 ქულასთან ერთად 6 მოხსნაც მიითვალა. ზაზამ 4–დან 2 ორქულიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ატლანტელებს ლიდერად ჯო ჯონსონი მოევლინა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო, ხოლო მაიამელთა ბომბარდირი ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც 38 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა.
 
მომდევნო, ბოლო საგამოფენო მატჩს „ატლანტა“ ხვალ „შარლოტთან“ სტუმრად ჩაატარებს, რის შემდეგაც რეგულარული ჩემპიონატიც გაიწყება. ატლანტელები ჩემპიონატის პირველ შეხვედრას მემფისში, „გრიზლისთან“ ჩაატარებენ.
 

ლებრონ ჯეიმსი და ზაზა ფაჩულია