ზაზა ფაჩულიას მე-1000 მატჩი ნბა-ში

ზაზა ფაჩულიას მე-1000 მატჩი ნბა-ში

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის  რეგულარულ ჩემპიონატში მე-1000 მატჩი გამართა ზაზა ფაჩულიამ. ამ მოვლენასთან დაკავშირებით შეხვედრის დაწყებამდე ზაზას მაისურზე სამახსოვრო ავტოგრაფი გააკეთა სტეფ კარიმ და სანაცვლოდაც მოითხოვა ზაზას ხელმოწერა. “მინესოტასთან” საშინაო შეხვედრა კარისთვისაც დასამახსოვრებელი აღმოჩნდა – მან თავისი მე-14 000 ქულა ჩააგდო NBA-ში.

რაც მთავარია, როგორც ზაზას, ასევე სტეფს მატჩის ბოლოსაც ისეთივე განწყობა ჰქონდათ, როგორიც დაწყებამდე – “გოლდენ სტეიტმა” საინტერესო ბრძოლაში ეფექტური ანგარიშით – 126:113 გაიმარჯვა. 

ზაზამ 16 წუთში 9 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. მის ანგარიშზე 8-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმოა. სტეფ კარიმ 25 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კი სამმაგდუბლოსანი კევინ დურანტი იყო: 28 ქულა, 10 მოხსნა, 11 პასი.

 

“უორიორსი” მომდევნო მატჩს 28 იანვარს “ბოსტონთან” გამართავს.

დაბოლოს, “გოლდენ სტეიტის” საიტმა ზაზას რეგულარულში მეათასე მატჩი მიულოცა და შეგვახსენა – “მეომართა” შორის ქართველი მესამე კალათბურთელია, რომელმაც ამ ნიშნულს უწია. მანამდე 1000 შეხვედრას დევიდ ვესტმა და ანდრე იგუოდალამ გადააბიჯეს.