წარუმატებელი გამოდგა თავ–თავიანთ კლუბებში გამართული მორიგი მატჩები საქართველოს ნაკრების მოთამაშეებისთვის – ზაზა ფაჩულიასა და მანუჩარ მარკოიშვილისთვის. მარკოიშვილის “ბკ კიევმა” უკრაინის თასზე “დონეცკი” კი დაამარცხა, მაგრამ ქართველმა უკანახაზელმა ქულა ვერ მიითვალა, ხოლო ზაზა ფაჩულიამ 4 ქულას მოუყარა თავი, თუმც თამაშიდან სროლის მაჩვენებელი ჰქონდა ცუდი და თან მისმა “ატლანტამ” ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო.
“ჰოუქსმა” რეგულარული სეზონი 6 მოგებით დაიწყეს და მთელი ნბა აალაპარაკეს, თუმც ბოლო მატჩებში “ქორებს” უიღბლობა დაებედათ და აგერ უკვე ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადეს – ამჯერად “ინდიანასთან” 96:113.
ატლანტელების წაგებებს ერთადერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს – ტრავმები. ჯერ იყო და მარვინ უილიამსი გამოაკლდათ რამდენიმე მატჩით, მერე გუნდის ერთ–ერთი ლიდერი ჯოშ სმიტი დაემტვრათ, ზაზა ფაჩულიამაც გამოტოვა დაშავების გამო ერთი მატჩი და წუხელ ატლანტელებს ნაქები ცენტრი ალ ჰორფორდიც დაემტვრათ. თამაში 7 წუთის დაწყებული იყო, როცა ფაჩულიას კონკურენტმა მარჯვენა ფეხი ამოიბრუნა, კოჭი დაიზიანა და მოედანი რომ დატოვა, უკან აღარ დაბრუნებულა.
ზაზა ფაჩულიაც ხუთეულში იყო. მან წინა მატჩი მხრის ტკივილის გამო გამოტოვა, თუმც საგანგაშო არაფერი ყოფილა და ის “ინდიანასთან” თავიდანვე გავიდა მოედანზე. თუმცა ქართველმა ცენტრმა ბევრი ვერაფრით შეაშველა ხელი თავისიანებს, თუ, რა თქმა უნდა, ფარიდან ასხლეტილი 8 ბურთის მოხელთებას არ ჩავთვლით. მის ფარქვეშა აქტიურობას აუფერულებს თამაშიდან ნასროლი და აცილებული ექვსივე სროლა. ზაზამ ის 4 ქულა საჯარიმოს ხაზიდან მიითვალა, თუმც ყველა რომ ჩაეგდო, ექვსსაც მოაგროვებდა.
ატლანტელებმა უიმედოდ წააგეს ეს შეხვედრა – ისე, რომ წარმატების შანსი არც მისცემიათ. დენი გრეინჯერის დიდებული თამაშის წყალობით ინდიანელები ნიადაგ წინ იყვნენ და “ქორებს” მიახლოების საშუალებასაც კი უსპობდნენ.
ბურთითაა მანუჩარ მარკოიშვილი
რაც შეეხება მარკოიშვილსა და მის “ბკ კიევს”, დედაქალაქელებმა დონეცკში იმარჯვეს 75:63. ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 14 წუთი გაატარა და ერთადერთი სამქულიანი სროლაც ააცილა. მის ანგარიშზე მხოლოდ 2 პასი და 1 მოხსნა დაგროვდა. ახლა მარკოიშვილის გუნდს 30 დეკემბერს საკუთარ კედლებში ელის დონეცკელებთან შეხვედრა და სავარაუდოდ ნახევარფინალის საგზურსაც იოლად დაიბევებს.