ზუროსმა ისევ დაამტკიცა – ამჯერად ფინეთში და უფრო მკაფიოდ!
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ფინეთშიც წარმატებით გააგრძელა წაუგებელი სერია და მასპინძელთა მძლავრი ნაკრების ძლევით ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში ლიდერობა განიმტკიცა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა მოახერხა ის, რაც აქამდე დაუძლეველი ბარიერი იყო ქართველებისთვის. ჩვენმა გუნდმა ყველასთვის უხერხული სკანდინავიური ქვეყნის ნაკრები მისსავე მოედანზე, ესპოოს Metro არენაზე დაამარცხა – 91:85 (სტატისტიკა). დაუმარცხებელი საქართველო, რომელსაც ევრობასკეტზე თამაში მასპინძლობის გამო განაღდებული აქვს, 3 გამარჯვებით საკვალიფიკაციო ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია, მაშინ როცა 2-4 ადგილებს თითო მოგებით სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია იყოფენ.
ეს არ იყო ჩვენი გუნდის უბრალო გამარჯვება. ილიას ზუროსის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს არაერთი დიდი მატჩი მოუგია, თუმცა ფინეთის სტუმრად დამარცხებას თავისი, განსაკუთრებული განცდა და ემოცია ახლდა. დიდი დანაკლისის, მგზავრობის, კარანტინისა და საკმარისი სავარჯიშო დროის არქონის გამო ჩვენი ნაკრები თითქოს განწირული ჩანდა ფინელთა შეთამაშებულ, თითქმის უდანაკლისო, მოსვენებულ და მასპინძელ გუნდთან. ჩვენი ნაკრები 7 ძირითადი კალათბურთელის გარეშე თამაშობდა და ილიას ზუროსს, რომელიც ქართული სუპერლიგიდან საჭირო მოთამაშეების აღმოჩენის დიდოსტატია, მისი ეს ნიჭი კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო მკაფიოდ გამოავლინა.
საქართველოს ნაკრებში 2 კალათბურთელის დებიუტი შედგა, რომლებმაც ჯამში 43 წუთი ითამაშეს და 21 ქულა ჩააგდეს, თუმცა უფრო მეტი გივი ბაქრაძემ, ალექსანდრე ფევაძემ და მთლიანად გუნდმა დაცვაში გააკეთეს. ბოლო წუთებში, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა დაცვაში და ცხადია, გამარჯვებასაც მიაღწია.
მატჩამდე ყველა კომენტარსა თუ საუბრებში, ილიას ზუროსი ახალბედების თამაშს აანონსებდა და ამას იმ ლოგიკური მიზეზით ხსნიდა, რომელსაც ყველა ვხედავდით: ნაკრებს ტრავმებისა და პანდემით გამოწვეული შეზღუდვების გამო 7 მოთამაშე – გიორგი ცინცაძე, ბექა ბურჯანაძე, გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი, რატი ანდრონიკაშვილი და სანდრო მამუკელაშვილი აკლდა. ამხელა დანაკლისის შევსება ზუროსმა სუპერლიგის მოთამაშეებით განიზრახა და მისი ასისტენტების, მილოშ გლიგორიევიჩისა და ანატოლი ბოისას რეკომენდაციითა და რა თქმა უნდა, საკუთარი დაკვირვებით ნაკრებში სუპერლიგის რამდენიმე მოთამაშე პირველად მიიწვია. ილიას ზუროსი არაერთხელ იყო საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოსული სუპერლიგაში მოთამაშეებზე დასაკვირვებლად და ყველა ის მოთამაშე, რომლებმაც დღეს ნაკრებში პირველად ითამაშეს და გუნდს გამოადგნენ, საკუთარი ასისტენტების მეშვეობით კარგა ხანია, აკვირდებოდა
ახალბედებმაც გაუმართლეს და დიდებულად ითამაშეს, რომლებსაც გუნდის სტაჟიანი ლიდერების და ევროპული მასშტაბის ვარსკვლავების – თორნიკე შენგელიას, გიორგი შერმადინისა და თად მაკფადენის მხარამხარ თავი ღირსეულად წარმოაჩინეს. აღსანიშნავნია, რომ “ცხუმ-აფხაზეთის” ფორვარდმა ალექსანდრე ფევაძემ ბოლო ბუთზე 2 ჰაერივით საჭირო ბურთი ჩააგდო და ისევე როგორც 2 უაღრესად საჭირო სამქულიანისჩამგდებმა გივი ბაქრაძემ, გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო.
ფინელები ხელზე აჯდნენ ჩვენი ნაკრების ევროლიგელ მოთამაშეს, მოსკოვიდან ჰელსინკიში 15-საათიანი მგზავრობის შედეგად ჩამოსულ თორნიკე შენგელიას, რომელსაც მინიმუმ 2 და ეპიზოდებში 3-4 მეურვე არ სცილდებოდა. შენგელიამ თავისი მაინც გააკეთა და თავადაც ხომ შედეგიანად გაისარჩა, მისი მოედანზე ყოფნით სხვა, ფინელებისთვის ნაკლებად ავტორიტეტულ მოთამაშეებს მეტი სივრცეები შეექმნათ.
ქართველმა კალათბურთელებმა პირველ მეოთხედში მართლაც კარგად გადაკეტეს პერიმეტრი, იქ გიორგი შერმადინიც ადიოდა და პირველი ჯარიმა სწორედ ამისთვის მიიღო. შედეგად, მასპინძლები ფარქვეშიდან ცდილობდნენ ქულების მოპოვებას, რასაც ვერ ახერხებდნენ და საქართველოს ნაკრები 20:11 დაწინაურდა.
თავის მხრივ, ფინელებს ძალიან უჭირდათ ფარქვეშ ქართველი, მაღალი კლასის კალათბურთელების შეკავება. სხვა რომ არაფერი გამოსდიოდათ, ფინელები წესების დარღვევით ცდილობდნენ ჩვენიანების შეჩერებას. შედეგად შერმადინმა პირველ მეოთხედში 8 ქულა ჩააგდო, ხოლო შენგელიამ – 6. საწყისი ათწუთეულის ბოლოს ფინელებმა ორი სამქულიანი მაინც ჩააგდეს და მეოთხედი ქართველებმა 22:18 მოიგეს.
მეორე პერიოდის დასაწყისში მწვრთნელმა ილის ზუროსმა თორნიკე შენგელია დაასვენა, თუმცა საქართველოს ნაკრების დაცვას ეს არ დატყობია, ფევაძემ, მერაბ ბოქოლიშვილმა და ბექა ბექაურმა კარგად აუწყეს ფეხი შერმადინსა და მაკფადენს და დაცვაში ჩაჭრების შედეგად მოპოვებული უპირატესობით ქართველებმა 9:0 გაქცევა მოაწყვეს.
ამასობაში შენგელიაც დაბრუნდა მოედანზე, შერმადინმა ცოტა დაისვენა და თამაში ჩვეულ კალაპოტში ჩადგა – ფინელები პერიმეტრიდან ამაოდ ცდილობდნენ გარდატეხვის შეტანას, ხოლო ქართველები ფარქვეშიდან მოხვეჭილი ქულებით 4-8-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებდნენ. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი მძიმე ბრძოლაში 44:40 მოიგო.
მესამე პერიოდისთვის ფინელებმა დაცვა გაამკაცრეს. ფარისკენ წასულ ერთ ქართველს სამი ფინელი ეთამაშებოდა, შედეგად ათწუთეული ქართველებისთვის ქულამწირი გამოდგა. დაცვაში კარგი თამაშით ფრთაშესხმული ფინელები შეტევაში კიდევ უფრო ზუსტები გახდნენ და მეოთხედის ბოლოს ოთხქულიანი უპირატესობაც მოიპოვეს – 59:55.
ამ მეოთხედში ხაზგასასმელია ახალგაზრდა გიორგი ფევაძის კარგი თამაში, რომელიც ფარქვეშ მშვენივრად იბრძოდა. მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გამთამაშებლობა გივი ბაქრაძეს დაავალა და მაკფადენი მსროლელად გადაიყვანა. გივიმ დაკისრებული მოვალეობა კარგად შეასრულა, თუმცა მაკფადენის მეორე ნომრად გადაყვანამ მ სამქულიანი ზონიდან ქულები ვერ შეგვმატა, რადგან ჩვენს ნატურალიზებულ მოთამაშეს ფინელები ჯგუფურად და ძალიან ხისტად მეურვეობდნენ.
მესამე პერიოდში ფინელბმა დიდი სხვაობით რომ არ გაგვასწრეს, ცენტრი გიორგი შერმადინის დამსახურებაა, რომელიც მესამე მეოთხედის ბოლოს რამდენიმე ძალიან საჭირო ბურთები ჩააგდო და ორმაგ დუბლს მიუახლოვდა – 19 ქულა, 9 მოხსნა. მეოთხედის ბოლოს გივი ბაქრაძის ჩაჭრისა და სწრაფი ორქულიანის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა – 65:65. მეოთხედიც ასე დასრულდა.
გადამწყვეტი მეოთხედი მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ტანდაბალი ხუთეულით დაიწყო: ბაქრაძე, ლობჯანიძე, მაკფადენი, შენგელია და შერმადინი. პერიოდის დასაწყისში ფინელებს სწრაფი შეტევები აღარ გამოსდიოდათ და თავიდან ბოლომდე თანაბარი თამაში გაჩაღდა.
წინასწარ ცხადი იყო, რომ თამაშის ბედი ბოლო წამებზე უნდა გადაწყვეტილიყო. ბოლო წუთებამდე ვერ მივიდნენ ფინელი წინახაზელები – მადსენი და დოლენცი. მათ გიორგი შერმადინთან „ჭიდაობისას“ ხუთ-ხუთი ჯარიმა მიიღეს.
საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე გივი ბაქრაძემ სამქულიანით ქართვლებს ლიდერობა დაუბრუნა – 79:77. ამას მოჰყვა შერმადინისა და ფევაძის ორქულიანები და ბოლო წუთს ქართველები 83:79-ით შეხვდნენ. სალინმა ორი საჯარიმო ჩააგდო, ფევაძემ ორქულიანი და – 85:81.
გადამწყვეტი აღმოჩნდა თორნიკე შენგელიას დაცვაში მოპოვებული ბურთი და ამას მოყოლილი ორი ზუსტი საჯარიმო – 87:83 სირენამდე 19 წამით ადრე. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა – 91:85 ქართველთა სასარგებლოდ.
როგორც თავში ვთქვით, საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევ E ჯგუფში პირველობა გაიმყარა და მომდევნო სამივე გუნდს 2-2 მოგებით უსწრებს. ევროსაკვალიფიკაციოში მონაწილე 32 ნაკრებს შორის მხოლოდ საქართველო, ისრაელი და ბელგია არიან დაუმარცხებლები.
ევროსაკვალიფიკაციო ჯგუფში მორიგ მატჩს საქართველო 30 ნოემბერს, ისევ ფინეთში, ესპოოს Metro არენაზე გამართავს. ეს გახლავთ პანდემიის გამო ფორმატშეცვლილი თამაშები, ეგრედწოდებული ბაბლი, რაც თითო საკვალიფიკაციო ჯგუფის ერთ ქვეყანაში შეკრებას და მთლიანი ფანჯრის (4 მატჩი) თამაშების ერთ დარბაზში ჩატარებას გულისხმობს.
ჩვენსავე ჯგუფში, სანამ ფინეთი და საქართველო შეერკინებოდნენ, შვეიცარიამ ფინეთი დაამარცხა და ევროკალათბურთის წამყვანი ქვეყნის ნაკრები საფრთხის წინაშე დააყენა. საქართველოს შემდეგ ჯგუფის სამივე წევრს თითო მოგება აქვს და 2-4 ადგილებს ინაწილებენ.
მატჩის შემდეგ…
საქართველოს ნაკრების კაპიტნი თორნიკე შენგელია:
„კარგად მოგეხსენებათ, უმნიშვნელოვანესი თამაში იყო ჩვენთვის, ვიცოდით, რომ მთელი საქართველო ელოდა ამ შეხვედრას. რთულ პერიოდში ვართ, კორონავირუსის გამო დიდი შეფერხებებია, ასეთ დროს კი ხალხის გულების გახარება ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.
ვამაყობ ჩემი გუნდით, ექიმიდან დაწყებული ნაკრების ნაკრების თითოეული წევრით დამთავრებული.“
თორნიკეს ფინელებმა პრესკონფერენციისას საკუთარი სტატისტიკა შეახსენეს: 19 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი.
„და 7 შეცდომა. ჩემთვის მთავარი არა საკუთარი მონაგარი, არამედ გუნდის გამარჯვებაა. კიდევ გავიმეორებ – ძალიან ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით.“
ილიას ზუროსი, მთავარი მწვრთნელი:
„ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. ყველამ დიდებულად იმუშავა. ზოგადად, რთულია გულშემატკივრის გარეშე თამაში. ამ მატჩმაც ბევრი დაკარგა ქომაგის არყოფნაში, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს.
როგორც თამაშამდე აღვნიშნე, შანსი მივეცით ახალგაზრდებს და მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგად ითამაშეს. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. უპირველესად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მოგებას ფასს მატებს ისიც, რომ ვარჯიშისთვის სულ ორდღენახევარი გვქონდა.
ფინეთი ძალიან კარგი გუნდია და მიხარია, რომ სწორედ მასთან ბრძოლაში აჩვენეს ჩემმა კალათბურთელებმა მებრძოლი სული.
შემდეგი მეტოქე შვეიცარიაა. ფინეთზე აღარ ვფიქრობთ. შვეიცარიელებს მებრძოლი და მობილური გუნდი ჰყავთ. მათ ეს სერბეთის ძლევითაც დაამტკიცეს. ჩვენი 30 ნოემბრის მეტოქე სამქულიანებს კარგად სტყორცნის და დიდი მოცულობის სამუშაო უნდა გავწიოთ, რომ მათი პერიმეტრიდან შეტევა შევაფერხთ.“