16 წლამდე გოგონათა ჩემპიონატი “დინამო თბილისის” გამარჯვებით დასრულდა

16 წლამდე გოგონათა ჩემპიონატი “დინამო თბილისის” გამარჯვებით დასრულდა

16 წლამდე გოგონათა ჩემპიონატი დასრულდა. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი გაიმართა. საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში “დინამო თბილისმა” “ბასტიონი” დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. საბოლოო ანგარიში (59:39) დინამოელთა სოლიდურ უპირატესობაზე მიანიშნებს, თუმცა პირველი ნახევარი ქულა-ქულაში წარიმართა, მესამე და მეოთხე პერიოდებში კი “ბასტიონი” რამდენჯერმე 5 ქულით მიუახლოვდა მომავალ ჩემპიონს. 

შეხვედრის ბედი მატჩის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე გაირკვა, როცა დინამოელებმა საბოლოოდ გატეხეს მეტოქე და გასამარჯვებლად საკმაო ლიდერობას დაეპატრონნენ. მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე ფინალში დამარცხებული “ბასტიონი” და ჩემპიონი “დინამო” მედლებითა და სიგელებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვალენტინ დერიუგინმა დააჯილდოვა. მანვე გადასცა დინამოელებს საჩემპიონო თასი. 

ფინალამდე გამართულ მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს “ახმეტა” და “ქუთაისი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ახმეტელთა გამარჯვებით – 80:47 დასრულდა, რომელიც ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ნამატჩევს ახმეტელები შესაბამისი სინჯის მედლებითა და სიგელებით ტურნირის მთავარი ორგანიზატორის, ქალთა კალათბურთის კავშირის რეზიდენტმა, ნინო ყიფშიძემ დააჯილდოვა.