ქალთა ლიგის მეორე
ტურს თბილისმა უმასპინძლა. ტრადიცია გრძელდება და ქალთა ჩემპიონატი მონაწილე გუნდების
ქალაქებში, ტურებად ტარდება. რუსთავში გამართული პირველი ტურის შემდეგ თბილისის ჯერი
დადგა და გამორჩეული ამბებიც დედაქალაქში დაფიქსირდა.
ჩემპიონატის ფავორიტი,
ძირითადად გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებული რუსთავის ,,ვეჯინი’’ საქართველოს 16-წლამდე ოლიმპიურმა
ნაკრებმა დაამარცხა. ლელა ცანავასა და როლანდ გელოვანის გაწვრთნილი გოგონები თბილისში
ივლის-აგვისტოში გასამართი ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან და ქალთა ლიგაშიც გამოცდილების
მისაღებად ასპარეზობენ.
ეს გამორჩეული
შედეგი მეორე სათამაშო დღეს, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართა. თბილისის ტურის ბოლო,
მესამე დღის მატჩებს ვერის ბაღის განახლებულმა სასახლემ უმასპინძლა. ვერის ბაღში საქართველოს
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებული მატჩები 2006 წლის მერე აღარ გამართულა.
ყველასთვის საყვარელ საკალათბურთო დარბაზში წლების მანძილზე ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელი
იყო და ბოლო პერიოდში განხორციელებული სამუშაოების შედეგად დედაქალაქმა მშვენიერი,
ულტრათანამედროვე საკალათბურთო დარბაზი მიიღო.
ვერის ბაღში თბილისი
2015-ის ფარგლებში ოლიმპიური საკალათბურთო ტურნირის მატჩები გაიმართება, რის შემდეგაც
განახლებული დარბაზი სრულად დაიტვირთება და ბავშვთა ლიგის თამაშებთან ერთად იქ ეროვნული
ჩემპიონატის თამაშების ჩატარებაც შესაძლებელი იქნება.
ქალთა ლიგის თბილისური
ტურიც ვერის ბაღში დასრულდა. ორი ტურის ჯამში ლიგას 2 ლიდერი ჰყავს – 16-წლამდელთა
ნაკრები და რუსთავის ვეჯინი. ამ გუნდებმა ერთმანეთს მოუგეს, ლიგის დარჩენილ წევრებთან
– ახმეტასთან და ქუთაისთან გამარჯვებების მოპოვება კი არ გასჭირვებიათ.
მომდევნო, მესამე
ტურს 10-12 ივნისს ქუთაისი უმასპინძლებს.
27 მაისი
ახმეტა – რუსთავი 50:65
ნაკრები – ქუთაისი 53:33
28 მაისი
ქუთაისი – ახმეტა 70:57
რუსთავი – ნაკრები 52:54
29 მაისი
ახმეტა – ნაკრები 43:57
რუსთავი – ქუთაისი 67:34