ნატალია ოთხმეზური ამერიკის ჯოლეჯთა ლიგის Region IX კონფერენციის ჩემპიონია. კასპერის კოლეჯის გუნდმა “თანდერბერდსმა” 19 წლის ქართველი ლეგიონერის უდიდესი თანამონაწილეობითა და წინამძღოლობით სეზონის უმთავრესი ტიტული მოიგო. რეგულარული ჩემპიონატისა და პლეი ოფის მატჩებში, განსაკუთრებით კი ფინალურ შეხვედრაში, ნატალია ოთხმეზური დიდი შედეგიანობით გამოირჩეოდა.
საჩემპიონო მატჩი მწირექულიანი გახლდათ და მის დასრულებამდე 2.20 წუთით ადრე კასპერელები 59:56 იგებდნენ, როცა ოთხმეზურმა სამქულიანით თავისიანები 6 ქულით დააწინაურა. მეტოქე ნებრასკას შტატის ვესტერნ ჯოლეჯის გუნდი გახლდათ, რომელსაც სეზონში მხოლოდ 2 მატჩი ჰქონდა წაგებული და ნაციონალურ რეიტინგში “კასპერზე” გაცილებით მაღლა იყო. მატჩის დასრულებამდე 32 წამით ადრე ნებრასკელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს – 64:64 და “თანდერბერდსმა” ბოლო შეტევა წამოიწყო.
ევროპული კალათბურთისგან განსხვავებით, ამერიკის სტუდენტურ ლიგაში შეტევისთვის 30 წამია გამოყოფილი და ქართველმა უკანახაზელმა გამოყოფილი დრო თითქმის ბოლომდე ამოწურა და შემდეგ შეუტია. მეტოქეებმა ნატალია ჯარიმით შეაჩერეს, რომელმაც დასრულებამდე 3.6 წამით ადრე ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა – “კასპერი” 66:64 (სტატისტიკა) დააწინაურა და ჩემპიონობა გაუნაღდა.
მთლიანობაში ქართველმა ლეგიონერმა 14 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი დააგროვა, რისთვისაც მოედანზე 31 წუთით ყოფნა დასჭირდა. ნატალიამ 3-დან 1 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. გამარჯვებულთაგან ასევე გამოირჩა მაია ჯონსი 14 ქულითა და 8 მოხსნით.
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, რის შემდეგაც ჩემპიონმა კასპერელებმა ტრადიციული რიტუალი შეასრულეს – კალათს ბადე ჩამოაჭრეს. წარმოდგენილ ვიდეოში გთავაზობთ ზემოთნახსენებ მატჩის გადამწყვეტ მომენტებს და ნატალიას მიერ ბადის ჩამოჭრისას შესრულებულ საცეკვაო ილეთს. აღდანიშნავია, რომ 7 მარტს, როცა მატჩი გაიმართა, ნატალიას დაბადების დღე იყო და ამ გამარჯვებით პერსპექტიულმა ქართველმა გოგონამ ძვირფასი საჩუქარი მიიღო.
როგორც კონფერენციის ჩემპიონმა, “კასპერ თანდერბერდსმა” მოიპოვა ამერიკის კოლეჯთა ლიგის I დივიზიონის ნაციონალური ჩემპიონატის საგზური, რომელიც 16-21 მარტს ტეხასის შტატის ქალაქ ლუბოკში გაიმართება.