ქალთა კალათბურთის კავშირის ორგანიზებით 2017-2018 წლების სეზონში 3 ტურნირი ჩატარდა. კავშირმა საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ჩემპიონატს, ქალთა ლიგას და ქალთა თასის გათამაშებას გაუწია ორგანიზება.
ყველა ტურნირი დინამოელთა დომინირებით წარიმართა. ქალთა ლიგა დინამოელებმა “ზაზას აკადემიას” მოუგეს და ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, თასის გათამაშებაშიც ეს გუნდები შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რეგულარულ ჩემპიონატში “დინამომ” ოთხივე თამაში მოუგო “ზაზას”, ფინალური მატჩი ძალიან დაძაბულად წარიმართა და დინამოელებმა მხოლოდ ბოლო წუთებზე მოახერხეს გამარჯვების, შესაბამისად – ჩემპიონობის მოპოვება.
ქალთა ლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა “ხაშური”, რომელმაც “ქუთაისი” დაამარცხა.
რაც შეეხება 16-წლამდე გოგონათა ჩემპიონატს, “დინამომ” ფინალში “ახმეტას” სძლია და ჩემპიონი გახდა. ახმეტელებმა ნახევარფინალში, დრამატულ ბრძოლაში გორში ადგილობრივი გუნდი 82:81 დაამარცხეს და ფინალში გასვლით საკუთარი პროგრამა მაქსიმუმი შეასრულეს. მე-3 ადგილი “გორი 2-ს” ერგო, რომელმაც “ქუთაისს” 81:77 მოუგო.
ზემოთნახსენები ჩემპიონატების დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობა ქალთა კალათბურთის კავშირის ხელმძღვანელებმა – ნინო ყიფშიძემ, თორნიკე გიორგაძემ და ვეტერანმა კალათბურთელებმა – ნატო ლორიამ და ნინო კურტანიძემ მიიღეს.