თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ქალთა ლიგის საქართველოს თასის ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს დინამოსა და ზაზა აკადემიის გუნდები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, რომელიც საბოლოოდ დინამოს გამარჯვებით, ანგარიშით 70:61 დასრულდა. მატჩის პირველი ნახევარი ზაზა აკადემიის უპირატესობით წარიმართა, თუმცა შეხვედრის დასკვნით მეოთხედში დინამოელებმა ჯერ შეხვედრა გაათანაბრეს, შემდეგ კი უპირატესობაც მოიპოვეს და ქალთა ლიგის ჩემპიონობასთან ერთად საქართველოს თასის მფლობელებიც გახდნენ.
„დინამოს“ რიგებში საუკეთესო შედეგი ნატალია ოთხმეზურმა აჩვენა, რომელმაც 26 ქულა დააგროვა, ხოლო ზაზა აკადემიის მხრიდან 21 ქულით ნათია ფუტკარაძე გამოირჩა.
აღსანიშნავია, რომ ქალთა ლიგის საქართველოს თასის მატჩის დიდ შესვენებაზე ვეტერან კალათბურთელს, ნატო ლორიას 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაეცა ეროვნული ნაკრების სიმბოლური მაისური და სპეციალური სიგელი კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. საქართველოს თასის მფლობელი დინამოს გუნდი ვეტერანმა კალათბურთელმა ნატო ლორიამ და ქალთა კალათბურთის კავშირის პრეზიდენტმა ნინო ყიფშიძემ დააჯილდოვეს.
საქართველოს თასის ფინალზე გამოვლინდა 2019 წლის ქალთა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე (MVP), რომელიც „დინამოს“ კალათბურთელი, ნატალია ოთხმეზური გახდა. სეზონის საუკეთესო მოთამაშე ნატო ლორიამ დააჯილდოვა, საქართველოს თასი კი გამარჯვებული გუნდის კაპიტანს ელენე ილურიძეს ნინო ყიფშიძემ გადასცა.
ნინო ყიფშიძე, ქალთა კალათბურთის კავშირის პრეზიდენტი: წლევანდელმა სეზონმა კარგად ჩაიარა, ქალთა ლიგაში მონაწილე გუნდებმა ძალიან საინტერესო თამაშები აჩვენეს. საქართველოს თასის ფინალში მონაწილე გუნდებმა შესანიშნავად იასპარეზეს, დაჯილდოვების ცერემონიალი კი ქალბატონმა ნატო ლორიამ გაგვილამაზა. ვულოცავ “დინამოს” გუნდს ამ წარმატებას და კიდევ უფრო მაღალი შედეგების მიღწევას და წინსვლას ვუსურვებ. ასევე მსურს აღვნიშნო, რომ ძალიან მომეწონა ზაზას აკადემიის გუნდის თამაში, რომელიც დინამოს ახალგაზრდული გუნდისგან განსხვავებით გამოცდილი კალათბურთელებით არის დაკომპლექებული და ვისურვებდი ეს მოთამაშეები კიდევ დიდხანს ვიხილოთ მოედანზე. მოვუწოდებ კლუბებს კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ ქალთა გუნდებს და მომავალ სეზონებში კიდევ უფრო მეტი გუნდი ვიხილოთ უმაღლეს ლიგაში.
ნატალია ოთხმეზური, ქალთა ლიგის საუკეთესო მოთამაშე: საკმაოდ დაძაბული სეზონი გამოვიდა, განსაკუთრებით “ზაზასთან” თამაში გაგვიჭირდა. ჩვენი მეტოქე სოლიდური უპირატესობით გვიგებდა, თუმცა მოვახერხეთ მობილიზება და გამარჯვების მოპოვება. რაც შეეხება საუკეთესო მოთამაშის ტიტულს, ძალიან გახარებული ვარ. ეს ჩემთვის ნამდვილად ბევრს ნიშნავს. ჩემს უახლოეს გეგმებში შედის საზღვარგარეთ თამაში და იმედი მაქვს მალე ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება.