საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-4 მარცხი განიცადა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის შეგირდები დღეს პორტუგალიას გაეჯიბრნენ და 56:86 (15:15, 15:17, 14:23, 12:31) დამარცხდნენ.
აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მერე ქართველი გოგონები ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდნენ, შესვენების მერე კი, პირენეელებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესონი ნატალი ოთხმეზური და ნინო გადელია იყვნენ, რომელთაც 19-19 ქულა მოაგროვეს, ვიკტორია გეგეშიძემ კი 11 ქულა ჩააგდო. პორტუგალიელთა ლიდერმა მარიანა კარვალიომ 32 ქულა მიითვალა.
ავსტრიაში მიმდინარე ტურნირზე ქართველ კალათბურთელებს A ჯგუფის დასკვნითი მატჩი 8 აგვისტოს ელით, როდესაც კვიპროსს ეთამაშებიან, შემდეგ კი, მეჩვიდმეტე-ოცდამეოთხე ადგილებისთვის ბრძოლაზე გადაერთვებიან.
საქართველო – პორტუგალია
სტატისტიკა: 56:86