დასრულდა ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატი. გოგონათა გუნდებმა 4 ქალაქში 4 წრე ითამაშეს და მთლიანობაში თითოეულმა გუნდმა 12-12 მატჩი გამართა. ბოლო ტურს 22-24 ივნისს თელავმა უმასპინძლა, სადაც მასპინძლად ამ რეგიონის წარმომადგენელი ახმეტა ითვლებოდა.
ბოლო ტურის მატჩებს სატურნიროდ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გასარკვევი იყო, თუ ვინ დაიკავებდა პირველ ადგილს. პირველობისთვის რუსთავი და 16-წლამდელთა ნაკრები იბრძოდნენ. პირად შეხვედრებში უპირატესობა რუსთაველებს ჰქონდათ, რომლებსაც აქამდე გამართული 3 მატჩიდან 2 ჰქონდათ მოგებული.
ეს გუნდები ერთმანეთს თელავის ტურის ბოლო დღეს შეხვდნენ და მანამდე თითოეულმა მათგანმა 2-2 გამარჯვება მოიპოვა. ნაკრებს რომ მოეგო, რუსთაველებს ქულებით ეწეოდა, თუმცა ქვემოქართლელთა გადასასწრებად 16-წლამდელებს 14 ქულით გამარჯვება სჭირდებოდათ. ლელა ცანავასა და როლანდ გელოვანის გაწვრთნილმა ნაკრებმა რუსთავს 58:49 მოუგო, თუმცა პირველი ადგილი ბურთების შეფარდების გამო ვერ დაიკავა.
ურთიერთშეხვედრებში ბურთების შეფარდების გამო დათმო მესამე ადგილი ახმეტამ, რომელმაც თელავში ქუთაისს კი მოუგო და მას ქულებით გაუთანაბრდა, თუმცა იმერლებს ურთიერთშეხვედრებში ჩამორჩა.
თელავის ტურის შემდეგ გაირკვა ის წყვილები, რომლებიც ნახევარფინალში ითამაშებენ. პირველ ადგილზე გასული რუსთავი 26 ივნისს ახმეტას უმასპინძლებს, ნაკრები კი თბილისში 27 ივნისს ქუთაისს ეთამაშება.
22 ივნისი
ახმეტა – ნაკრები 32:71
რუსთავი – ქუთაისი 63:40
23 ივნისი
ახმეტა – რუსთავი 43:62
ნაკრები – ქუთაისი 63:25
24 ივნისი
ქუთაისი – ახმეტა 32:44
რუსთავი – ნაკრები 49:58