რუსთავის „ვეჯინი“ საქართველოს ჩემპიონია! ქალთა ჩემპიონატის 2012-13 წლების სეზონში ქვემოქართლურმა გუნდმა ყველა თამაში მოიგო და საჩემპიონო ტიტულს დამსახურებულად დაეპატრონა.
მამა-შვილ ბიძინა და ბესარიონ ჯაგაშვილების გაწვრთნილი რუსთაველები მთელი სეზონის განმავლობაში დომინირებდნენ. „ვეჯინმა“ რეგულარული ჩემპიონატის ოთხივე წრე მოიგო, ნახევარფინალში „ახმეტა“ დაამარცხა და საჩემპიონო მატჩში „ქუთაისს“ დაუპირისპირდა. ფინალურ მატჩს თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. იმერულმა გუნდმა რუსთაველებს წინააღმდეგობა კი გაუწია, მაგრამ მათი მონდომება მატჩის მოგებას არ ეყო. „ვეჯინმა“ საბოლოოდ 84:72 გაიმარჯვა და ქვეყნის უმთავრეს ტიტულს არსებობის ისტორიაში პირველად დაეპატრონა.
ნათია ფუტკარაძის წინამძღოლობით რუსთაველებმა პირველი მეოთხედი 24:13 მოიგეს. მეორე პერიოდში ქუთაისელებმა მოინდომეს და ათწუთეული მხოლოდ 1 ქულით – 15:16 დათმეს. ანგარიშში სხვაობა დიდი არ იყო და ქუთაისელებიც ცდილობდნენ, ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს წამოწეოდნენ, თუმცა ამის საშუალება რუსთაველებმა არ მისცეს. ფუტკარაძეს მხარი ხათუნა საჯაიამ და ანა მაისურაძემ აუბეს და ამ სამეულის ლიდერობით „ვეჯინმა“ მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
გამარჯვებულებს 33 ქულით ფუტკარაძემ ულიდერა, ხოლო საჯაიამ და მაისურაძემ 22-22 დააგროვეს. საჯაია ფარქვეშა ბრძოლებშიც გამოირჩა და პირად ანგარიშზე 16 მოხსნაც ჩაიწერა. ქუთაისელთა შორის 36 ქულითა და 12 მოხსნით ნელი ჟორჟოლიანი გამოირჩა. 11 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა თამუნა მანაგაძემ, ხოლო ნინო გაბიძაშვილმა შეხვედრა 9 ქულით დაასრულა.
ფინალის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი.დაჯილდოვდნენ როგორც ჩემპიონები, ასევე მეორე ადგილის მფლობელები. რუსთაველები მედლებითა და შესაბამისი სიგელებით დააჯილდოვა საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირის პრეზიდენტმა როლანდ ხომერიკმა, ვისგანაც საჩემპიონო თასი რუსთაველთა კაპიტანმა ხათუნა საჯაიამ და კლუბის პრეზიდენტმა თამაზ გველუკაშვილმა ჩაიბარეს.
რუსთავის ,,ვეჯინი’’ – ქუთაისი 84:72
ახმეტა – ზესტაფონი 39:43
ზესტაფონი: თიკო ჭიჭინაძე – 15 ქულა, 25 მოხსნა, შორენა კუპატაძე – 14 ქულა
ახმეტა: თინა ხოხობაშვილი – 12 ქულა, 11 მოხსნა