საკალათბურთო “ა” ლიგის მე-5 ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა. სამივე მატჩს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. მიმდინარე ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა “ორბმა”, რომელმაც “მეგასთან” დიდი სხვაობით – 68:94 (სტატისტიკა) წააგო.
მიმდინარე ჩემპიონატში “ორბის” მესამე ახალი მთავარი მწვრთნელი ვიხილეთ. გუნდი მეგასთან სათამაშოდ მამუკა ტურაშვილმა გაიყვანა, თუმცა დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. 4 გამარჯვებით პირველ ადგილზე მყოფმა ორბელებმა პირველი მარცხი იწვნიეს, თუმცა ლიდერობას მაინც ინარჩუნებენ.
მეგაში ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა ამერიკელ მსროლელ ჯალენ ბრედლის, რომელმიც 25 ქულით თავისიანებს გამარჯვებისკენ გაუძღვა. ტრადიციულად მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ დეშონ ფრენსისი (20 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი) და კრისშონ ორანჟი (17 ქულა, 7 მოხსნა). ორბში 17 ქულით ტაისონ სმიტი გამოირჩა.
მეგასა და ორბის მატჩის დაწყებამდე დაჯილდოვდა საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ქალ კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი წევრი, კლუბ “ორბის” მწვრთნელი ნინო ყოფშიძე. ქალბატონი ნინო 50 წლის გახდა და იგი მადლობის სიგელითა და ნაკრების 50-ნომრიანი მაისურით საქართველოს კალათურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვა.
ბრძოლა არ შედგა არც მანამდე გამართულ მატჩში, რომელშიც “კავკასიამ” 81:63 (სტატისტიკა) დაამარცხა “ზესტაფონი”. კავკასიელებმა თავიდანვე რომ მოიპოვეს ლიდერობა, მეტოქე მატჩის ბოლომდე ახლოს აღარ მიუშვიათ. გუნდს გამარჯვებისკენ ულიდერა მარკიზ მეიფილდმა, რომელმაც 34 ქულა მოაგროვა. 16 ქულა ჰქონდა ტრავმიდან მომჯობინებულ დავით ლომიძეს, ხოლო გუნდის კაპიტანმა ბექა წივწივაძემ შეხვედრა 5 ქულითა და 9 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
ტურის მესამე მატჩში 23-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. თელავის ბურჯმა 107:84 სძლია “ა” ლიგის უპირიბო აუტსაიდერ “სპორტუნის”. ბურჯს 26 ქულით კარლინ დუპრემ ულიდერა. 17 ქულა და 10 მოხსნა შენონ ფოულერმა მოაგროვა, ხოლო ჯეიმს ედმონდის ანგარიშზე 14 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა. სპორტუნიში 29 ქულით საუკეთესო იყო ჰავიერ ნიუსონი.
კახელებმა 5 მატჩიდან მე-3 გამარჯვება მოიპოვეს და ამავე შედეგის მქონე ზესტაფონთან და მეგასთან ერთად ცხრილში II-IV ადგილებს იყოფენ.
მეორე წრე 11 მარტს დაიწყება, როცა მე-6 ტურის სამი მატჩი გაიმართება.