სუპერლიგის ALL STAR 2016

სუპერლიგის ALL STAR 2016

2016 წლის სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია სპორტის ახალ სასახლეში, ბერასთან ერთად გაიმართა. ქართული კალათბურთისა და სპორტის
მხარდასაჭერად ცნობილმა შემსრულებელმა იმ შოუში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ორგანიზატორებმა და სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშეებმა გულშემატკივრებს შესთავაზეს.

სპორტის სასახლეში 2 ათასამდე გულშემატკივარი მოვიდა, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს როგორც კალათბურთელებს, ისე ბერას შემოქმედებას, რომელმაც
ჩატენვების კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა და მომავალ გამარჯვებულს ასისტენტობა გაუწია.

მატჩი

მატჩი ტრადიციულად სანახაობრივად, ჯარიმების გარეშე წარიმართა. რეგიონისა და თბილისის კლუბებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა მაყურებელს
ბევრი ეფექტური ეპიზოდი წარუდგინეს. როგორც წესი, შეხვედრა უხვქულიანი გამოდგა და საბოლოოდ რეგიონის გუნდის გამარჯვებით – 148:122 დასრულდა. 

შეგახსენებთ, რომ ქართული ოლ სტარისთვის მონაწილეები სუპერლიგის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩა, სათადარიგოები კი მწვრთნელებმა
შეარჩიეს. რეგიონის გუნდს კოტე ტუღუში და რამაზ გოგობერიშვილი უძღვებოდნენ, ხოლო „თბილისს“ – დავით უსტიაშვილი და ირაკლი ხოშტარია.

მატჩის ბომბარდირი გახდა რეგიონის გუნდის წევრი გიორგი ბარბაქაძე, რომელმაც 31 ქულა მოაგროვა და ტრადიციული – MVP-ის ტიტული მოიგო.
გიორგი ბარბაქაძეს მატჩის შემდეგ სპეციალური პრიზი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ გადასცა.

ბ ე რ ა

დიდ შესვენებაზე ბერამ მსმენელს სპეციალურად დღევანდელი დღისთვის შექმნილი მუსიკალური ნომერი შესთავაზა და კალათბურთისადმი საკუთარი მხარდაჭერა
იმითაც გამოხატა, რომ ქომაგების წინაშე საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით წარსდგა. ბერამ 10-წუთიანი ნომერი 23-ნომრიანი მაისურით შეასრულა, რომელიც ნაკრებში მის მეგობარს, ესპანური „ლაბორალ კუჩას“ წევრ თორნიკე შენგელიას ეკუთვნის.

ბერასთან სინქრონში საცეკვაო ნომერი შეასრულა ტყუპი ძმების ჯგუფმა, ხოლო დიდ შესვენებაზე მაყურებლებს ბატუტის გამოყენებით ლამაზი ჩატენვების
შოუ წარმოუდგინა აკრობატთა ჯგუფმა „ჰოპერსმა“ და „ME&MY”.

ჩატენვების კონკურსი

მონაწილე სამი იყო – დევიდ კაილსი „რუსთავიდან“, სოხუმელი მეთიუ გლოვერი და გიორგი ბარბაქაძე. ლეგიონერთა მიერ შესრულებული რიგითი ნომრების შემდეგ
გიორგი ბარბაქაძის ჯერი დადგა, რომელმაც საკუთარი ილეთის შესასრულებლად ბერას უხმო. ახალგაზრდა შემსრულებელმა ბარბაქაძეს, რომელსაც აქამდე 2-ჯერ ჰქონდა ჩატენვების კონკურსი მოგებული, ასისტენტობა გაუწია. მართალია, მისი პასით ბარბაქაძემ ვერ ჩატენა, თუმცა გადამწყვეტი ილეთი ქუთაისელმა ფორვარდმა ისე შეასრულა, რომ ფართან მყოფ ქართული ესტრადის წარმომადგენელს გადააფრინდა. ჯიურის წევრებმა – კალათბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტებმა კახა შენგელიამ და ვლადიმერ ბოისამ, ასევე ვეტერანმა კალათბურთელებმა – პაატა გურასპაულმა, ნოდარ ქორქიამ და გია სანაძემ ბარბაქაძის ეფექტურ გდებას უფრო მაღალი შეფასება მისცეს.

გიორგი ბარბაქაძე მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე ვეტერანმა კალათბურთელმა ამირან სხიერელმა დააჯილდოვა.

ამირან სხიერელი – 75

ვეტერანი კალათბურთელი  და ყველასთვის ცნობილი პიროვნება – ამირან სხიერელი 75 წლის გახდა. „თბილისის დინამოს“ შემადგენლობაში ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონსა  და არაერთი პრიზის მფლობელს. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულს.
საერთაშორისო კლასის ოსტატსა და ღირსების ორდენის კავალერს იუბილის აღსანიშნავად საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ საპატიო სიგელითა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით დააჯილდოვა.

ბატონ ამირანს, რომლის სპორტული კარიერის უდიდესი წარმატებები „დინამო თბილისს“ უკავშირდება, ამ კლუბის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ვახტანგ ნაცვლიშვილმა ფულადი ჯილდო გადასცა.

სამქულიანების კონკურსი

კონკურსის მონაწილენი ტრადიციულად მიმდინარე სუპერლიგის სტატისტიკური მონაცემებით შეირჩნენ. სამქულიანების საუკეთესო მსროლელების ხუთეულს გასული
წლის ოლ სტარში სნაიპერთა კონკურსის გამარჯვებული, აკაკი ლომოური დაემატა, რომელმაც საბოლოოდ წარმატებით დაიცვა ტიტული.

ფინალში ლომოური 20 ქულით გავიდა. წესების თანახმად თითოეულ კონკურსანტს პერიმეტრის 5 წერტილიდან 5-5 სროლა უნდა შეესრულებინა. წინასწარი
ეტაპიდან ფინალში გასული ლომოურის შემდეგ ქულები ასე გადანაწილდა: გიორგი ბარბაქაძე – 16, ფილიპ მილერი – 13, მორის ბრიქსი – 12, კახა ჯინჭარაძე – 9, ნიკოლა გაჩეშა -8.

ფინალურ კონკურსში ბარბაქაძემ და ლომოურმა თანაბარი (16-16) ქულა დააგროვეს. დაინიშნა დამატებითი რაუნდი, სადაც ანგარიშით 19:16 – გამარჯვება ლომოურს დარჩა.

ოლ სტარის საუკეთესო მოთამაშე (M V P )

წლევანდელი ოლ სტარის საუკეთესო მოთამაშე “ქუთაისის” ფორვარდი დავით ბარბაქაძე გახდა, რომელმაც ჩატენვების კონკურსისმოგების შემდეგ ეს ტიტულიც დაიმსახურა. საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი ბარბაქაძეს ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ გადასცა. 

მიხეილ გაბრიჩიძე:
დიდი მადლობა გულშემატკივრებს აქტიურობისთვის. მათი გემოვნებით შეირჩა გუნდები. საინტერესო შოუ აჩვენეს. ყველა მომართული იყო, რომ მაყურებელს
ესიამოვნა. განსაკუთრებული მადლობა ბერას, რომელმაც შესანიშნავი პროგრამა შესთავაზა ქომაგებს. იმედი მაქვს, მომავალშიც შევძლებთ კალათბურთისა და სპორტის მოყვარულთა გემოვნება დავაკმაყოფილოთ.

ბერა:
დადებითად შევაფასებ დღევანდელ ქართულ ოლ სტარს და მიხარია, რომ აქ ვარ. მხარს ვუჭერ სპორტს და ცხოვრების ჯანსაღ წესს. კალათბურთი კი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტის სახეობა და  აქედან გამომდინარე ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა.    ვულოცავ ქართველ კალათბურთელებს და წარმატებას ვუსურვებ
თითოეულ მათგანს.

აკაკი ლომოური:
ლამაზი შოუ გამოვიდა და მოხარული ვარ, რომ ამ დღით გულშემატკივარმა სიამოვნება მიიღო. ვულოცავ თითოეულ მონაწილეს. კმაყოფილი ვარ, რომ სამქულიანების კონკურსის შარშან
მოგებული ტიტული შევინარჩუნე“.

გიორგი ბარბაქაძე:
დიდი მადლობა ორგანიზატორებს, ყველაფერი კარგად იყო დაგეგმილი და ვეცადეთ მოთამაშეებს მაქსიმუმი გაგვეკეთებინა სანახაობის კუთხით. რაც
შეეხება მოგებულ ტიტულებს, ჩემს პრიზებს MVP-ის ტიტული აკლდა და მიხარია, რომ ესეც დავიმსახურე. ამასთან ერთად ჩატენვების კონკურსიც
მოვიგე. მადლობა ჟიურის წევრებს ნდობისთვის.

ფოტოები: ალექსანდრე შარვაძე (www.ipress.ge)
ალექსანდრე რუაძე (რადიო “ჯაკო”)
გიორგი არჯევანიძე