სუპერლიგის „ოლ სტარი 2017“ სანახაობრივად წარიმართა და ფრედ დასრულდა

სუპერლიგის „ოლ სტარი 2017“ სანახაობრივად წარიმართა და ფრედ დასრულდა

სუპერლიგის 2017 წლის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი-აქცია საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა, რომელიც ფრედ – 128:128 დასრულდა. კალათბურთის
წესების თანახმად, მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი 5-წუთეული, მაგრამ ოლ სტარის მიზანი ხომ არა გამარჯვებულის გამოვლენა, არამედ მოხდენილი თამაში და შოუა, რაც მაყურებელმა ძირითად 40 წუთში საკმაო დოზით იხილა და ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ოვერტაიმი აღარ დაინიშნა. ხატოვნად რომ ვთქვათ, გაიმარჯვა მეგობრობამ და კალათბურთის სიყვარულმა.

მატჩი

მატჩი ტრადიციულად სანახაობრივად, ჯარიმების გარეშე წარიმართა. შეხვედრაში ერთადერთი ჯარიმა შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე დაფიქსირდა, რომელიც სოხუმელმა დავით ბარბაქაძემ დაიმსახურა. რეგიონისა და თბილისის კლუბებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა მაყურებელს ბევრი ეფექტური ეპიზოდი წარუდგინეს. როგორც წესი, შეხვედრა უხვქულიანი გამოდგა და როგორც ვთქვით, საბოლოოდ ფრედ – 128:128 დასრულდა. 

შეგახსენებთ, რომ ქართული ოლ სტარისთვის მონაწილეები სუპერლიგის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩა, სათადარიგოები კი მწვრთნელებმა
შეარჩიეს. რეგიონის გუნდს კოტე ტუღუში და რამაზ გოგობერიშვილი უძღვებოდნენ, ხოლო „თბილისს“ – ირაკლი ხოშტარია და არჩილ
ჟღენტი. ობიექტური მიზეზის გამო ხოშტარია თამაშზე ვერ მოვიდა და დედაქალაქის გუნდს „კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი, არჩილ ჟღენტი გაუძღვა.

მატჩის ბომბარდირი გახდა და საბოლოოდ უძვირფასესი მოთამაშის პრიზი დაიმსახურა „დინამოს“ წევრმა – მიხეილ ბერიშვილმა. მას არასრულ 29 წუთში 30 ქულა, 10 მოხსნა,
6 პასი და 4 ჩაჭრა დაუგროვდა. 23 ქულა და 10 პასი მიითვალა დინამოელმა დეონტა ვონმა, 14-14 ქულით დაასრულეს შეხვედრა ტერიკ ბრიჯმენმა და ილია ლონდარიძემ. “რეგიონში“
25 ქულით დუეინ ლათანი გამოირჩა. 19 ქულა დააგროვა გიორგი ბარბაქაძემ. ეფექტური პასებით გამოირჩა გიორგი ცინცაძე, რომელმაც ერთ-ერთი გადაცემა თავით შეასრულა და მაყურებელი აღაფრთოვანა, მთლიანობაში კი 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 

ოლ სტარის MVP –  დინამოელი მიხეილ ბერიშვილი ვეტერანმა კალათურთელმა – ნოდარ ქორქიამ დააჯილდოვა. ბერიშვილს ერგო ეროვნული ნაკრებისა და სუპერლიგის გენერალური
პარტნიორის – აზარტული თამაშების კომპანია „ევროპა ბეთის“ 1000-ლარიანი ვაუჩერი, რომელიც გამარჯვებულს კალათურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ გადასცა. ბერიშვილმა მიიღო ოლ სტარის მხარდამჭერის – „სნეპ ფიტნეს ჯორჯიას“ ერთთვიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, რომელიც მფლობელს კომპანიის გენერალურმა მენეჯერა – სოფო სოლოღაშვილმა გადასცა.

მიხეილ ბერიშვილი, საუკეთესო მოთამაშე, MVP:  ძალიან დიდი მადლობა დარბაზში მოსულ გულშემატკივარს, იმედია ისიამოვნეს დღევანდელი მატჩით და მომავალში სუპერლიგის დაძაბულ თამაშებზე კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას მიიღებენ.

ჩატენვების კონკურსი

ეფექტური გდებებში ერთმანეთს ექვსი მონაწილე ეჯიბრებოდა: ტერიკ ბრიჯმენი, დეანდრე რეი, ოთარ ბულიავა, ტომი სპანოლო, უოლტერ პიჩფორდი და დუეინ ლათანი. ჟიურის
წევრები კი გახლდნენ ყველასთვის ცნობილი, სახელოვანი ვეტერანი კალათბურთელები – ნიკოლოზ დერიუგინი, გივი ბიჭიაშვილი, ნოდარ ქორქია და პაატა გურასპაული. ფინალში გავიდნენ ტერიკ ბრიჯმენი და დეანდრე რეი. ეს უკანასკნელი „ა“ ლიგის გუნდ „დელტას“ წარმომადგენელია და სწორედ მან მოიგო ჩატენვების ტურნირი, რომელმაც ფინალურ შერკინებაში 37 ქულია დააგროვა და ოპონენტს აჯობა.

დეანდრე რეი ვეტერანმა კალათურთელმა – ნიკოლოზ დერიუგინმა სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. რეის ერგო ეროვნული ნაკრებისა და სუპერლიგის გენერალური პარტნიორის – აზარტული თამაშების კომპანია „ევროპა ბეთის“ მიერ დაწესებული 500-ლარიანი ვაუჩერი, რომელიც გამარჯვებულს კალათურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ გადასცა. დეანდრე რეიმ დაიმსახურა ასევე „სნეპ ფიტნეს ჯორჯიას“ ერთთვიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, რომელიც მფლობელს კომპანიის გენერალურმა მენეჯერა – სოფო სოლოღაშვილმა გადასცა.

დეანდრე რეი, ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული: ძალიან მიხარია, რომ სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩის ჩატენვების კონკურსში მონაწილეობის საშუალება
მომეცა, ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც ა-ლიგის მოთამაშემ მიიღო კონკურსში მონაწილეობა. ეს მოთამაშე მე ვარ და  მიხარია, რომ ამ ისტორიის
ნაწილი ვარ. ვამაყობ, რომ გავიმარჯვე! 

სამქულიანების კონკურსი

სამქულიანების კონკურსის მონაწილეები პერიმეტრის 5 სხვადასახვა წერტილიდან 5-5 ბურთს ესროდნენ. 25 სროლისთვის მონაწილეს 1 წუთი ჰქონდა გამოყოფილი.
თითოეული ჩაგდებული ბურთი 1 ქულად ფასობდა, ხოლო ყოველი წერტილიდან სასროლი ბოლო, მე-5 ბურთი 2-ქულიანი გახლდათ. კონკურსში 6 მონაწილე პაექრობდა, რომლებსაც პირველ ეტაპში 2 ფინალისტი უნდა გამოევლინათ.  

პირველ ეტაპზე შემდეგი შედეგები დაფიქსირდა: ქეისი კასპერბაუერი – 20, ირაკლი ჩლაიძე – 10, დეონტა ვონი – 10, დავით ბარბაქაძე – 17, გიორგი ბარბაქაძე – 16, აკაკი ლომოური – 14.

ფინალში პირველად დავით ბარბაქაძემ ისროლა, რომელმაც 16 ქულას უწია. კასპერბაუერმა კი ეს შედეგი გადაფარა და პირველ ეტაპის მსგავსად 20 ქულა მოაგროვა, რითაც ჩემპიონი გახდა და მატჩის შემდეგ პრიზებიც დაიმსახურა.

ქეისი კასპერბაუერი ვეტერანმა კალათურთელმა – გივი ბიჭიაშვილმა სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.  „რუსთავის“ ამერიკელ ლეგიონერს ტურნირის მოგებისთვის ერგო ეროვნული ნაკრებისა და სუპერლიგის გენერალური პარტნიორის – აზარტული თამაშების კომპანია „ევროპა ბეთის“ მიერ დაწესებული 500-ლარიანი ვაუჩერი,
რომელიც გამარჯვებულს კალათურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ გადასცა. კასპერბაუერმა დაიმსახურა ასევე „სნეპ ფიტნეს ჯორჯიას“ ერთთვიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, რომელიც მფლობელს კომპანიის გენერალურმა მენეჯერა – სოფო სოლოღაშვილმა გადასცა.

 ქეისი კასპერბაუერი, 3-ქულიანების გამარჯვებული: ვფიქრობ, რომ  ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ძალიან სასიამოვნოა ამდენი გულშემატკივრის ერთად ხილვა და მათი მხარდაჭერა, განსაკუთრებით თბილისში. ალბათ უკეთესს დღეს ვერც ვინატრებდი. დიდი მადლობა ყველას!